თბილისში ახალი, ინოვაციური დეველოპერული პროექტი „თბილისის აკრები“ იწყება, რომლის პირველი კამპანია ქალაქის ბილბორდებზე გზავნილით — „თბილისი იზრდება“ უკვე გამოჩნდა.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, კამპანიის მთავარი გზავნილი გულისხმობს, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქი სწორი და ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ამას ორი ფაქტორი განაპირობებს: უბნის სწორი დაგეგმარება და მისი სრული ფუნქციურობა, რაც ქალაქში დატვირთვას ანაწილებს.
“თბილისის აკრები” უკვე დასახლებულ და გადატვირთულ არეალებში არ შენდება. პროექტი ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ცენტრალურ უბნებს, ვაკესა და საბურთალოს შორის, ახალ ტერიტორიას აითვისებს, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის დატვირთვის დეცენტრალიზაციასა და გადანაწილებას. ახალი პროექტის ამ და სხვა დეტალებზე BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში” კომპანიის დირექტორმა ისაუბრა.
„კამპანიის შექმნისას მთავარი აქცენტი გაკეთდა თბილისის მცხოვრებლებზე, რადგან „თბილისის აკრების“ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და სოციალური სივრცეები ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს თბილისში, არა მარტო უბნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის“, – აცხადებს „ანაგი ქოლაბის“ გენერალური დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი.
როგორც მან BMGtv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ ეთერში განაცხადა, ეს არის ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში, რომლის მიხედვითაც დეველოპერული პროექტი პირდაპირ დიალოგში შედის საზოგადოებასთან.
“ანაგი ქოლაბი“ არის „ანაგის“ შვილობილი კომპანია და წარმოადგენს პირველ კოლაბორაციულ ბრენდს საქართველოში, სადაც ყველა დეველოპერული სერვისი გავაერთიანეთ ერთ სივრცეში. ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სიტყვა “დეველოპერი” საქართველოში ნიშნავდა ყველაფერს ერთსა და იმავე სუბიექტში: ის იყო ინვესტორიც, დეველოპერიც, პროცესების მმართველიც და ხშირად სამშენებლო კომპანიაც. „ანაგი ქოლაბის“ მთავარი ამოცანაა ამ ცნებების გამიჯვნა, რაც მისცემს საშუალებას ინვესტორს, რომ კონცენტრირდეს პროექტის ფინანსურ კეთილდღეობაზე, ხოლო დეველოპერული სერვისების სრულ სპექტრს უკვე პროფესიონალურად ფორმირებული გუნდი ჩაიბარებს — თავისი კომპეტენციით“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ეს ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა საქართველოში, სადაც დეველოპმენტი საერთაშორისო სტანდარტებს მიყვება. „ჩვენ გადმოვიტანეთ ამერიკული მოდელი უძრავი ქონების მართვის და მოვარგეთ ქართულ რეალობას. საბოლოოდ ეს ინვესტორებს აძლევს უფრო სრულყოფილ პროდუქტს, ხოლო მომხმარებლებს, სრულფასოვან სერვისს.“
„თბილისის აკრები“ ინოვაციურია საკუთარი მწვანე მიდგომითაც. პროექტი ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს, რაც ნიშნავს, რომ არქიტექტურა ერგება ადგილობრივ გარემოს და არა პირიქით. განაშენიანება მხოლოდ 15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია.
„ჩვენი პირველი კოლაბორაციული პროექტი, რომლითაც ბაზარზე შემოვედით, არის „თბილისის აკრები“. უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი არა მხოლოდ თბილისში, არამედ ზოგადად საქართველოში. განაშენიანება მიმდინარეობს 62 ჰექტარზე. ჯამში უბანში 75 შენობა-ნაგებობა განთავსდება. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ნომერ პირველი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 35 წლიანი გამოცდილებით. ხოლო ყოველი პროექტი სრულად იმართება „ანაგი ქოლაბის“ მიერ“, – აღნიშნა თამარ გაფრინდაშვილმა.
