ალეკო ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ალეკო ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცველებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს, თუ რა ნივთმტკიცებები ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან მცირე განმარტებები გააკეთა საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯაბა ბიტარიშვილმა და განმარტა, რომ გამოძიება დაწყებულია 115-ე და 238-ე მუხლებით. მან არ უპასუხა მედიის კითხვებს, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა გასროლა და ნამდვილად ახვლედიანის იარაღით მოხდა თუ არა გასროლა, ასევე ამოღებულია თუ არა რაიმე მტკიცებულება.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…