“გამოწვევად რჩება რძის გადამმუშავებელი არალეგალური წარმოებები” – სეს-ში დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ მერძევეობის დარგისთვის გამოწვევად არალეგალური რძის გადამმუშავებელი წარმოებები კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ სეს-ის გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სააგენტოში „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რძის მცირე და საშუალო მწარმოებლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რძისა და რძის გადამმუშავებელი სექტორის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების, მონიტორინგის, ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლების შესახებ.
დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება არალეგალური რძის გადამმუშავებელი წარმოებები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არ იცავენ, ასევე არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებისათვის.
“შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ვასილ კვერნაძემ ხაზი გაუსვა სააგენტოს მზაობას, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები, არარეგისტრირებული რძის გადამმუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 30 არარეგისტრირებული საწარმოა გამოვლენილი”, – წერია სეს-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.