პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.
„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
