„ოქროს კომპასი“ – არაფორმალური განათლების ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა

არაფორმალური განათლების ბაზარზე ახალი მოთამაშე – „ოქროს კომპასი“ გამოჩნდა, რომელიც ახალგაზრდებს იმ უნარების განვითარებას სთავაზობს, რაც ტრადიციული საგანმანათლებლო სივრცის მიღმა რჩება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
როგორც განათლების ცენტრის თანადამფუძნებელმა და აკადემიურმა დირექტორმა, მარიამ შურღაიამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ ცენტრი ეხმარება მოზარდებს აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ ლიდერობის, პასუხისმგებლობისა და კომუნიკაციის უნარები, ასევე შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მათ დამოუკიდებელ, მიზანდასახულ და თავდაჯერებულ მოქალაქეებად აქცევს.
„საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების კორელაციით ცენტრი ახალგაზრდებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნას აძლევს, არამედ იმ პრაქტიკულ კომპეტენციებსაც, რომელიც დღეს რეალურად დამსაქმებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ფონდის შექმნისას ის საჭიროებები შევისწავლეთ, რაც საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ. ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებით, გამოწვევაა ტრანსფერული უნარების განვითარების სიმცირე, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში იმ პრაქტიკულ უნარებს ვგულისხმობ, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო სივრცის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში უნდა აკეთონ. ეს იქნება დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, შეუპოვრობა, პასუხისმგებლობა და ა.შ. ასეთი შესაძლებლობები თბილისში უფრო მეტად არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანი საჭიროება და კლასგარეშე აქტივობები მაინც დამოკიდებულია სკოლისა და უნივერსიტეტის ტიპზე”, – თქვა მან და დასძინა, რომ საქართველოს ბაზარზე ჩავარდნაა დამსაქმებლებსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომლებიც სტუდენტებს სამუშაო ბაზრისთვის უნდა ამზადებდნენ.
მისი განმარტებით, “ოქროს კომპასი” სწორედ ამ უნარების გამომუშავებასა და იმ სივრცის ამოვსებაში ეხმარება, რასაც საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ ავსებენ. უფრო კონკრეტულად, ცენტრი 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს ისეთ უნარებზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს, რომელიც ტრადიციული განათლების სისტემაში ნაკლებად ან საერთოდ არ ფიგურირებს.