რუსული თხევადი გაზი, სანქციების მიუხედავად, ესტონეთის ბაზარზე მაინც ხვდება

რუსეთიდან ევროკავშირში პროპანის, ბუტანისა და მათი ნარევის – თხევადი გაზის (LPG) – იმპორტი, გასული წლის დეკემბრიდან, სანქციების ქვეშაა. მიუხედავად ამისა, ეს საქონელი, სხვადასხვა სქემით, ს ბაზარზე მაინც აღწევს.
ესტონეთი ყოველწლიურად დაახლოებით 55ათას ტონა თხევად გაზს მოიხმარს და ამ ბაზრის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონი ევროა. წელს სიტუაცია შეიცვალა – საწვავის საცალო ვაჭრობის კომპანია „ალექსელას“ აღმასრულებელ დირექტორის, მარტი ჰაელის თქმით, ესტონეთში, ლატვიის გავლით, საეჭვოდ იაფი გაზის შემოტანა დაიწყო.
„ფასში სხვაობა ტონაზე დაახლოებით 100 ევროა. მომხმარებლისთვის ეს 15-20-პროცენტიან სხვაობას ნიშნავს“, – ამბობს ჰაელი.
„ეს განსაკუთრებით აბსურდულია იმის გათვალისწინებით, რომ ლატვიას აქვს ტერმინალი, რომელიც იმპორტს დასავლეთიდან ახორციელებს, სადაც ფასები, ლოგისტიკური ხარჯების გამო, 25 პროცენტით მეტია, ხოლო რუსები ფასდაკლებით ყიდიან. სწორედ ამიტომ გამოიყენება საეჭვო სქემები – ის აქ დიდი მარჟის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, რაივო ვარე.
მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, თხევადი აირის იმპორტს „ალექსელა“ შვედეთიდან და შეერთებული შტატებიდან ახორციელებს.
„დასავლეთზე ორიენტირებულ მიწოდების ჯაჭვებს ასამუშავებლად გარკვეული მოცულობა სჭირდება და როგორც კი ამას გააკეთებენ, ისინი მდგრადი ხდებიან“, – განმარტა ჰაელმა.
პოტენციურმა ზარალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მილიონობით ევრო შეადგინოს. მაგრამ რისი გაკეთება შეუძლიათ ესტონელ მებაჟეებს, როდესაც საეჭვო საქონელი პირდაპირ დან კი არა, არამედ სამხრეთით მდებარე მეზობელი ქვეყნიდან შემოდის?
„ევროკავშირის ზოგადი პრინციპია საქონლის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის შიგნით, რის გამოც სანქციების კონტროლი ხორციელდება იმ მომენტში, როდესაც საქონელი შედის ევროკავშირში“, – აცხადებს ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს საბაჟო პროცედურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰანეს უმბორგი.
„ალექსელას“ სპეციალისტების გათვლებით, ამ წლის პირველ თვეებში ლატვიის მიერ ესტონეთში ბუტანის ექსპორტი ქაღალდზე გასამმაგდა.
„კერძო კომპანიის გამოთვლებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ჩვენ გავაანალიზეთ ესტონეთში შემომავალი საქონლის ნაკადი და რაიმე მნიშვნელოვანი ანომალია არ გამოგვივლენია“, – აღნიშნა უმბორგმა.
მაშინ, რით ავხსნათ ბუტანის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა?
strong>
„მიჭირს დავიჯერო, რომ ბუტანის შემოტანის სტატისტიკური მაჩვენებელი ზუსტია – ესტონეთში, უბრალოდ, ასეთი რაოდენობის დასაწყობების შესაძლებლობა არ არსებობს. პროდუქტის კოდებით, სავარაუდოდ, საკმაოდ კრეატიულად მანიპულირებენ“, – მიიჩნევს ჰაელი.
„ბუტანის დეკლარირება შესაძლებელია ორი სხვადასხვა საბაჟო კოდით. აქედან ერთი სანქცირებულია, მეორე – არა. ჩვენ ვაცნობეთ მეზობელი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს, რომ ეს არის მაღალი რისკის მქონე პროდუქტის კატეგორია, რომელიც ყოველ ჯერზე საფუძვლიან შემოწმებას საჭიროებს“, – განაგრძობს უმბორგი.
ვარეს თქმით, საკმარისი არ არის, რომ მეზობელი ქვეყნის საბაჟო მოხელეები ინსპექტირებას ახორციელებდნენ; ეს ესტონეთმაც უნდა გააკეთოს, თუნდაც ადგილზე შემოწმების გზით.
„ამის ნება არ არსებობს. ამიტომ, სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. როგორც კი გავრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე შემოწმებები ტარდება, სიტუაცია მაშინვე შეიცვლება“, – ამბობს ვარე.
თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ევროკავშირის დონეზე მოქმედებაა საჭირო.
„ჩვენ კარგად ვიცით სანქციებისთვის გვერდის ავლის გზები და სწორედ ამიტომ, გასული წლის განმავლობაში, ჩვენ ევროკავშირში თხევადი გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას მივაღწიეთ. ეს გულისხმობს სანქცირებული საქონლის სიაში ჯერ კიდევ არასანქცირებული საბაჟო კოდის დამატებას. მაგრამ, ვინაიდან სანქციებს ევროკავშირში კონსენსუსით იღებენ, შეთანხმებას ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობამ შეუშალა ხელა“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციებისა და სტრატეგიული საქონლის კონტროლის განყოფილების დირექტორმა, კადრი ელიას-ჰინდოალამ.
შედეგად, შესაძლო სანქციების თავიდან აცილებასთან გამკლავების ტვირთი კვლავ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მათ ბიზნესებზე მოდის.
„ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ საქმეები მხოლოდ მაშინ იწყებს წინსვლას, როდესაც საკითხი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების მიერ დაისმება“, – დასძინა ვარემ.
წყარო: 1 არხი