თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ბაქოში გამართული ვიზიტის დროს ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის უდიდესი სურვილია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების “გამოუსწორებელი დაზიანება” არ მოხდეს. მისი თქმით, ორივე ქვეყანას გააჩნია საკმარისი სიბრძნე და ცნობიერება, რომ ეს პრობლემა გადალახონ. ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთი გააგრძელებს კონსტრუქციული გადაჭრის გზების მხარდაჭერას.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ანკარა ერთგული რჩება პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარებისადმი და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ფრთხილ ნაბიჯებს დგამს.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის “ბრუტალური მკვლელობის” გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.
მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს.
2 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ იევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც “მეგობრულ სულისკვეთებას” უპირისპირდება და “ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს”.
tabula.ge
