თურქეთი ავიახაზებისა და საწვავის კომპანიებისთვის მდგრადი საავიაციო საწვავის მანდატების დაწესებას აპირებს, რისი მიზანიც 2030 წლამდე საავიაციო ემისიების 5%-ით შემცირებაა – ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი წესებით, ავიაკომპანიები ვალდებულები იქნებიან, საერთაშორისო ფრენებზე ეფექტური მდგრადი საავიაციო საწვავი (SAF) გამოიყენონ. ამასთან, საავიაციო საწვავის მწარმოებლებს დაევალებათ, რომ გაზარდონ მწვანე საწვავის წარმოება ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ადგილობრივ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებს – Tupras-სა და Socar-ს – SAF-ის წარმოების დაწყება დაევალებათ.
მარეგულირებელი უწყება საავიაციო ემისიების შემცირების მინიმალურ სამიზნე მაჩვენებლებს ყოველწლიურად, მესამე კვარტალის ბოლოს გამოაქვეყნებს. ოფიციალური განმარტებით, შეუსაბამობების შემთხვევაში, მთავრობა დააჯარიმებს როგორც ავიაკომპანიებს, ასევე საწვავის მწარმოებლებს.
ახალი მანდატით, საჰაერო ოპერატორებმა საერთაშორისო ფრენებისთვის ავზის 90% მდგრადი საავიაციო საწვავით უნდა აავსონ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი Tupras-ი 2026 წელს 20 ათასი ტონა SAF-ის წარმოებას გეგმავს, რის შესახებაც კომპანიამ წლის დასაწყისში განაცხადა.
თურქეთის ენერგომარეგულირების ინფორმაციით, ქვეყანაში საავიაციო საწვავზე მოთხოვნა გასულ წელს 4%-ით, 6.26 მილიონ ტონამდე შემცირდა.
რაც შეეხება საავიაციო სექტორს, ის გლობალურად წარმოებულ CO2-ის ემისიების მხოლოდ 2.5%-ზეა პასუხისმგებელი.
bm.ge
