უკრაინელები ჩეხურ კომპანიას რუსული რაკეტებისთვის ნაწილების მიწოდებაში ადანაშაულებენ

ყოველდღიური გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ რუსული რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების საქმეში შუამავლობას ოსტრავაში (ჩეხეთი) დაფუძნებული კომპანია „ლესეფტი“ ეწევა. გაზეთის ცნობით, ში ს შეჭრიდან დღემდე, მან რუსი მომხმარებლებისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ჩეხური კრონის (20 მილიონი ევრო) ღირებულების საქონელი შეუკვეთა. „უკრაინსკა პრავდას“ დასკვნები უკრაინული ჯგუფის, Trap Aggressor-ის ჩატარებული გამოძიების შედეგებს ეფუძნება. ზემოთ აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ლევ სეფერიანი კი ამბობს, რომ გაზეთის ბრალდებები სისულელეა და გადის „ყალბი ახალი ამბების“ კატეგორიაში, რომელსაც შეუძლია, კომპანიის ბიზნეს-რეპუტაციას ზიანი მიაყენოს.
უკრაინული ყოველდღიური გაზეთის ეკონომიკურ განყოფილებაში ამ სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი კომპანია, მათ შორის, ჩეხური, კვლავ აწვდის რუსეთს იარაღის წარმოებისთვის საჭირო დანადგარებს. ზელენსკის თქმით, ამას ცამეტი გერმანული და რვა ჩეხური კომპანია აკეთებს, თუმცა, მას ისინი არ დაუსახელებია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ კვირას განაცხადა, რომ რუსეთისთვის ჩეხური მოწყობილობების მიწოდების შესახებ ინფორმაციას ოფიციალური არ ფლობს.
ზელენსკი ამბობს, რომ ზოგიერთი ჩეხური კომპანია რუსეთს იარაღის წარმოებისთვის დანადგარებს აწვდის (ჩეხურ ენაზე)
„საბაჟო მონაცემების მიხედვით, ჩეხურმა „ლესეფტმა“ რუსეთის ფედერაციისთვის, უფრო კონკრეტულად კი, „რუსპოლიმეტისთვის“, 22 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შეუკვეთა. ევროკავშირის საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ზოგიერთი შეკვეთილი საქონელი „ლესეფტს“ მაინც მიეწოდა“, – წერს „უკრაინსკა პრავდა“ და დასძენს, რომ საქონელი თურქეთიდან რუსეთში სხვა შუამავლების მეშვეობით შევიდა.
ასეთ საქონელს შორის დასახელებულია ჰიდრავლიკური ძრავები, სითბოს მიმომცვლელები (heat exchangers), სარქველები და ელექტრული გადამრთველები. უკრაინული გაზეთის ინფორმაციით, გერმანული მეტალურგიული კომპანია SMS Group GmbH, რომელსაც ადრე პირდაპირი წარმომადგენლობა ჰქონდა რუსეთში, მაგრამ ამჟამად აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარი დატოვა, თავის პროდუქციას რუსეთში კომპანია „ლესეფტის“ მეშვეობით აგზავნის, რომლის მმართველი დირექტორი ლევ ოვანესის ძე სეფერიანია.
რუსული ქარხანა „რუსპოლიმეტი“ ამ კომპონენტებს ამისამართებს „კალიბრის“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების დასამზადებლად, რომლებსაც მოსკოვი თითქმის ყოველდღიურად იყენებს უკრაინაზე თავდასხმისა და ქალაქების დაბომბვისთვის. ამის გამო კიევმა კომპანია და მისი ზოგიერთი შვილობილი საწარმო სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
მაგრამ სეფერიანმა ხაზგასმით ამბობს, რომ „ლესეფტი“ რუსეთში არანაირ ექსპორტს არ ახორციელებს და შესაბამისად, არანაირ სანქციას არ არღვევს. მისი თქმით, ის შეიარაღების სისტემებში არ არის ჩართული და წარსულშიც არასდროს ყოფილა.
„ლესეფტი“ ეწევა მეტალურგიული ნახევარფაბრიკატებისა და ფოლადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის რეალიზებას, ასევე ენერგეტიკული მრეწველობისთვის ჭედური და ჩამოსხმული ნაწილების მიწოდებას. ძირითადად ჩეხი მომწოდებლების მიერ წარმოებულ ამ პროდუქტებს ჩვენი კომპანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყიდის – ძირითადად კი, ინდოეთში, თურქეთში, ყაზახეთსა და ბანგლადეშში“.
მისი თქმით, „ლესეფტის“ შემკვეთებს შორის ყოველთვის იყვნენ უკრაინელი პარტნიორები. „რუსეთს არანაირ პროდუქციას არ ვაწვდით და ჩვენი არცერთი პროდუქტი შეიარაღების სისტემების ან თუნდაც სარაკეტო კომპონენტების წარმოებისთვის არ გამოიყენება, რასაც მარტივად დაადასტურებენ ექსპერტები, ჩვენი მარაგების განზომილებიანი და განსაკუთრებით მატერიალური მახასიათებლებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა სეფერიანმა.
1tv.ge