სინდისის პატიმრების მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილის მამა რუსეთში ავტობიზნესის მფლობელია – “შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ დავით გალუსტოვი ბიზნესოპერატორად ის რუსეთის ერთიან რეესტრში 1 წლის წინ 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა.
დოკუმენტებში მითითებულია, რომ:
- მოსამართლის მამის ძირითადი საქმიანობა მოსკოვში, ავტომობილების ნაწილებით საბითუმო ვაჭრობაა. პარალელური საქმიანობის სფეროდ კი ნინო გალუსტაშვილის მამას, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა აქვს მითითებული. მას მოპოვებული აქვს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ავტო სამრეცხაოების ფლობისა და გზებზე მანქანებისთვის ტექდახმარების აღმოჩენის ლიცენზიაც.
დავით ომარის ძე გალუსტოვი რუსეთში ბიზნესოპერატორად თავდაპირველად 2013 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი ძირითადი საქმიანობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა იყო, თუმცა 2022 წლის 29 ივლისს დავით გალუსტოვმა რუსეთში ბიზნესი დახურა და გააუქმა ბიზნესოპერატორის რეგისტრაციაც. კომერციულ საქმიანობას მოსამართლის მამა, 2024 წლიდან უბრუნდება და ამჯერად ავტო ბიზნესში შედის. ეს კი დროში ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ავტონაწილებით მომარაგებას ამ დროს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი.