ეკოლოგიურ კატასტროფებზე მზაობა-რეაგირების მექანიზმები სუსტია – ნიკო გაფრინდაშვილი ხარაგაულის შემთხვევაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.
მოხდა 17 ოჯახის ევაკუაცია. ეს ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრებელ ზონებში მდგომარეობა კრიტიკულად სარისკო იყო, თუმცა დაზიანებულია ბევრად მეტი სახლი (დაახლოებით 30-მდე დათვლილი ჯერ-ჯერობით). სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა ელოდება გეოლოგიურ დასკვნას, რომლითაც უნდა გადაწყდეს გააგრძეწლებნ თუ არა საკუთარ სახლებში ცხოვრებას.
ამ ეტაპზე სოფლების შესასვლელები წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და გამოკრულია აბრა, რომელზეც წერია, რომ იქ შესვლა სახიფათოა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები ბოლო ორი კვირაა შეუქცევადად გრძელდება. ორი-სამი კვირის განმავლობაში აქ მოსახლეობა ყოველ დღე მიწაზე, სახლების კედლებზე, ახალ-ახალ ბზარებს ამჩნევდა. დამსკდარი მიწის ნაპრალების სიღრმე 2 მეტრსაც კი აჭარბებს.
ამ დრომდე უპასუხოდაა კითხვები:
დაახლოებით როდისთვის, რამდენ ხანში იქნება გეოლოგიური დასკვნა?
სიტუაციის სწრაფად გაუარესების შემთხვევაში, რაც მეწყრული პროცესისთვის ბუნებრივია, რეაგირების რა მექანიზმები და გეგმა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას?
თუ ნაპრალები და ბზარები 2-3 კვირის განმავლობაში ჩნდებოდა და იზრდებოდა, სააგენტომ და ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად რა ღონისძიებებს მიმართა?
როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელობა? ცენტრალური და ადგილობრიოვი ხელისუფლების როგორი ურთიერთქმედება მოგვცემდა მეტ ეფექტს ასეთი შემთხვევევის დროს? – მედიის ამ კითხვას გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეკოლოგიის დოქტორი, აქტიური გარემოსდამცველი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი პასუხობს.
მისი განმარტებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხარაგაული მაღალი რისკის მეწყერსაშიშ ზონად იდენტიფიცირებული აქვს და წესით ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა ყოფილიყო. ამისთვის არსებობს სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც ძვირადღირებულია და ეს ფუფუნება საქართველოს არ აქვს, თუმცა, სპეციალისტი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებლობის ფარგლებშიც კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ეკოლოგიური კატასტროფების მზაობა-რეაგირების მექანიზმები სუსტია. ნიკო გაფრინდაშვილის აზრით, ხელისუფლება სათანადოდ ვერც კი აცნობიერებს რამხელა რისკთან აქვს ახლა საქმე ხარაგაულში, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, ორივე სოფელს მოსახლეობისგან მთლიანად დაცლიდა.
წყარო: agrogaremo.ge