“არაფერს ვნანობ. როგორ ვინანო რომ არ გავჩუმდი და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე, არ წავუყრუე” – საგარეო საქმეთა სამინისტროში რეპრესიები გრძელდება

მეც შევუერთდი სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოხელეთა რიგებს. 1 აგვისტოდან, აღარ ვარ არგენტინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 14 წელზე მეტი, ჩემი ცხოვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს უკავშირდებოდა. ცენტრალურ აპარატში, სამხრეთ ამერიკასა თუ ევროპაში მუშაობისას, ვცდილობდი პატიოსნად, გულით მეკეთებინა საქმე, იქნებოდა ეს მოქალაქეთა მომსახურება თუ სხვა რამ. თუმცა, ეს უკვე წარსულია. მოულოდნელი არაფერი ყოფილა. წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი ე.წ. „რეორგანიზაციის“ გამო, „როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ვადაზე ადრე გამოწვევის“ შესახებ. რაც გამოირკვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზიდან უხვევდა, მას შემდეგ, ბევრჯერ გავაპროტესტე როგორც კონსტიტუციის დარღვევა, ასევე ადამიანთა შევიწროება, დევნა, უსამართლო პატიმრობა თუ საზოგადოდ, ადამიანის უფლებების შელახვა. ბევრჯერ მიფიქრია სამსახურიდან წასვლაზეც, იცით ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ერთი მიზეზი მაჩერებდა: მინდოდა მიმდინარე მოვლენების გამპროტესტებელ მრავალათასიან ხმებს შორის, ერთი ჩემიც ყოფილიყო, როგორც მოქმედი დიპლომატის, რადგან ჩემთვის, საჯარო მოხელე ემსახურება ქვეყნის, და არა პარტიულ ინტერესებს. ცხადია, ფორმალურად შემეძლო „კონკურსში“ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს ლოგიკასაც იყო მოკლებული და არც ჩემს პრინციპებს შეესაბამებოდა. არაფერს ვნანობ. როგორ ვინანო რომ არ გავჩუმდი და უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭე, არ წავუყრუე. ქვეყანა ხელიდან გვეცლება, გოგო-ბიჭები ციხეში სხედან, რა დროს დუმილია. დასანანია კოლეგები, რომლებიც საგარეო უწყებას ჩემთან ერთად ტოვებენ (ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, რამდენიმე ათეული ნამდვილად უნდა იყოს). ჩემი მხარდაჭერა მათ! დასანანია ვითომ გარდაქმნილი, რეალურად კი ატროფირებული სამინისტრო, სადაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სამუშაოდ, სივრცე აღარ დარჩა. მეგობრებსა და თანამოაზრეებს მალე შეგხვდებით.
და ბოლოს, #თავისუფლებასინდისისპატიმრებს!

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ