“ჰოტელიერი მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის კარგი იქნება კვოტის დაწესება, რომლის ფარგლებშიც ისინი ადამიანებს თავიანთი ქვეყნებიდან დაასაქმებენ”, – ამის შესახებ KMS Georgia-ს დამფუძნებელმა იმ საკანონმდებლო ცვლილების შეფასებისას ისაუბრა, რომლითაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმება შეიზღუდა.
“რეგიონების პროექტებში, რომლებზეც საკმაოდ დიდი რაოდენობის ინვესტიციებია ჩადებული, დაბალკვალიფიციური კადრები მუდმივად გვჭირდება. თუ ასეთ პოზიციებზე უცხოელებს ვერ მოვიზიდავთ, ძალიან გართულდება ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელება.
ალბათ კარგი იქნება, როდესაც უცხოელი საქართველოში ინვესტიციას დებს, დაუწესდეს გარკვეული კვოტა, თუ რამდენი ადამიანის დასაქმება შეუძლია საკუთარი ქვეყნიდან ამ ინვესტიციის დარგლებში. არ ვამბობ, რომ აუცილებელია, ეს კვოტა სრულად იყოს ათვისებული თითოეული ბიზნესის მიერ, მაგრამ არსებობენ გარკვეული ეროვნებები, რომლებსაც განსაკუთრებული ნდობა აქვთ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და მგონი, მილიონობით ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, 5 და 10 ადამიანის დასაქმება არ უნდა შევუზღუდოთ”, – აღნიშნა მაია წერეთელმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჰოტელიერის აზრით, შრომითი მიგრაციის რეგულაციის ფარგლებში უნდა გადაიხედოს, საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებზე წვდომის ზრდაა, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სავიზო გასაუბრებების გავლა უფრო მარტივად შეძლონ.
“როდესაც შრომითი მიზნით ჩამოგვყავს საქართველოში უცხოელი, მაგალითად ინდოეთიდან, ეს ადამიანები საკმაოდ წინ წასულები არიან ფინანსური და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, მაგრამ სამუშაო ვიზის მიღება რომ დასჭირდეთ, უნდა იფრინონ 6-7-8 საათი, რომ დელიში საელჩომდე ჩავიდნენ და გასაუბრება გაიარონ – თუ საქართველო შრომითი მიგრაციის რეგულირებას იწყებს, მან ასევე უნდა გადახედოს საელჩოების მიწვდომადობას სხვადასხვა ქვეყანაში და შექმნას დოკუმენტების მიმღები პუნქტები, რათა გაუმარტივოს იმ ადამიანებს ვიზის მიღება.
როდესაც საუბარი გვაქვს კადრის დასაქმებაზე, ასევე მოიაზრება, რომ ეს ადამიანი უნდა ჩამოვიდეს, გასაუბრება გაიაროს და მხოლოდ შემდეგ შეგიძლია გაუგზავნო სამუშაო ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტები. მათი პირველადი ჩამოყვანაც კი საკმაოდ გართულებულია, ან ვერ იღებენ ვიზებს, ან ხშირ შემთხვევაში, სხვა შემაფერხებელი ფაქტორებია, რომლებიც ართულებს ინვესტორების საქმიანობას”, – აღნიშნა მაია წერეთელმა.