U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო – საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ 3 ლელო გაუტანა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
2016 წლიდან დღემდე, ახალ ზელანდიას 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედ ვეთამაშეთ და ყველა ჯერზე მეტოქეს წინაზე ნაკლები სხვაობით ჩამოვრჩით. 2016 წელს მეტოქემ 55:0 გაიმარჯვა, 2019 წელს 45:13, 2023 წელს 26:50, წელს კი სხვაობამ 19 ქულა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ ტაიმში თამაშს ორჯერ იგებდა და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ბონუს-ქულის აღების შანსს, მაგრამ დასკვნით 25 წუთში მეოთხე ლელოს გატანა ვერ მოახერხა.
თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო. ახალი ზელანდია რამდენჯერმე დაჯარიმდა, პოზიცია გასატანი იყო, თუმცა ლადო კილასონიას შეგირდებმა ლელოზე გააგრძელეს თამაში, მე-10 წუთზე 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშეს და შოთა ხელაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა თაყაიშვილმა კი გარდასახა. მე-15 წუთზე ლუკა კეშელავა სინბინით დაისაჯა, მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა, მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა და რთული პოზიციიდან გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.
ჯერ კიდევ კაცნაკლულმა საქართველომ მე-19 წუთზე მეორე ლელო გაიტანა. დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მიხეილ შიოშვილმა ძალისმიერ სტილში შეუტია და მიზანს უწია, თაყაიშვილმა კი გარდასახვით 7-ქულიანი უპირატესობა დაგვიბრუნა. „ოლ ბლექსმა“ 22-ე წუთზე პირველი ლელოს მსგავსი კომბინაცია გაითამაშა, ფრთაზე სივრცით ისარგებლა და ალამთან მეორე ლელო მიითვალა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.
მალე სინბინით ბაჩუკი ბარათაშვილიც დავკარგეთ, რითაც ზელანდიამ მალევე ისარგებლა და 25-ე წუთზე პირველად დაწინაურდა. დასკვნით 5 წუთში მეტოქემ კიდევ ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და ტაიმი 31:14 დასრულდა.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეექვსე ლელო მივიღეთ, თუმცა 55-ე წუთზე დერეფნიდან მძლავრი მოლი ავაგორეთ და მიხეილ ხახუბიამ საპასუხო ლელო მიითვალა. დარჩენილ დროში მეოთხე ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და თამაში 19:38 დავთმეთ.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 9 ივლისს, ჩვენი დროით 22:30 საათზე კალვიზანოში მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
გ ჯგუფი. მეორე ტური. 4 ივლისი
ვიადანა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“.
საქართველო – ახალი ზელანდია 19:38 (14:31)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
3 ლელო: ხელაძე, შიოშვილი, ხახუბია
2 გარდასახვა: თაყაიშვილი
Rugby.ge
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა
U20. “უმცროსი ბორჯღალოსნები” პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
ᕡᓐ
“უმცროსი ბორჯღალოსნები” მსოფლიო ჩემპიონატისთვის “შევარდენის ბაზაზე” ემზადებიან
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში