ორი ჩვენი ლიდერი და მეგობარი ზის საპყრობილეში, ამის მიუხედავად ვამბობთ, რომ არ გვინდა ამ გაუგებარი ფენომენის არც შეწყალება და არც რამე სხვა – არანაირი კომპრომისი ამ ვაი-პრეზიდენტთან არ იქნება, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
როგორც გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტიამ ყაველაშვილის საპასუხო ბრიფინგი ისე ჩანიშნა, რომ პატიმრობაში მყოფ ლიდერებთან, ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რადგან მათ პარლამენტის კომისიაც კი არ აღიარეს და „ყაველაშვილს როგორ აღიარებენ პრეზიდენტად?“.
„ჩვენ არც კი გვიკითხავს მამუკასთვის [ხაზარაძე] და ბადრისთვის [ჯაფარიძე], იმდენად ვიცით რა არის მათი ეთიკა. მსგავსი სცენარი არ ყოფილა განხილული [ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებამდე], მაგრამ ვიცით, მამუკა და ბადრი რა სიმყარის ხალხია, რა შინაგანი შეგნების ხალხია. მათ რეალური ბრძოლა აინტერესებთ და რა კომპრომისი და დათმობა რეჟიმთან. ეგ რომ ნდომოდათ, 9-12 წლამდე ციხე რომ ემუქრებოდათ, მაშინ დათმობდნენ ყველაფერს. ამ ორმა ადამიანმა აირჩია ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, თავისი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. დღეს ფიზიკურად არ შეგვეძლო მათთან ამ საკითხის გავლა და შეთანხმება, მაგრამ პირდაპირ გავაკეთეთ ბრიფინგი, რადგან ისინი არ აღიარებენ. პარლამენტის კომისია არ აღიარეს და ყაველაშვილს, როგორ აღიარებს ვინმე, წარმოუდგენელია“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არც არასდროს იქნება, შესაბამისად, „ვინც არ არის და ვერ არის პრეზიდენტი, მას არც შეწყალებაზე მიმართავ და არც სხვა რამეზე“.
„ყაველაშვილის მცდელობაა, რომ შექმნას მორალური დილემა იმისათვის, რომ საქმე ისე წარმოაჩინოს თითქოს „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს, რომ ოპოზიცია გავიდეს არჩევნებზე და ამისთვის სულგრძელი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს. ყაველაშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არასოდეს არ იქნება, სანამ ამ როლში რაღაცას ფაფხურობს ეს კაცი, საცოდავი, რაღაც გაუგებრობაში მოხვედრილი, არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, წერტილი. შესაბამისად, ვინც არ არის და ვერ არის პრეზიდენტი, მას არც შეწყალებაზე მიმართავ და არც სხვა რამეზე. როგორც მე ვერ მომართავს ვინმე შეწყალებაზე, ისე – ყაველაშვილს. არ არის პრეზიდენტი და როგორ უნდა შეიწყალოს ვინმე“, – განაცხადა გეგელიამ.
