ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სიტუაცია გარკვეულია სრულად – მოსახლეობა პირდაპირ ამბობს, რომ 1 მლნ კვ.მ ტერიტორიაა, სადაც შევდიოდით, ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი – დგას. მარტივი საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დაბარებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მაჭავარიანი იმ დროს მთავრობის წევრი იყო და მასთან არის კითხვები.
„მგონი, ყველაფერი უკვე მეტ-ნაკლებად გარკვეულია. რა ექნება სამართლებრივი შეფასება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავად ისტორია უკვე გაირკვა რაცაა. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე სახელმწიფოს სრული კონტროლი, იყო რისკი, ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიას ისედაც ვერ აკონტროლებდაო, არაფერიც არ დავკარგეთო. სხვა კონტინენტზე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი, აქვეა, თვალები, ყურები გვაქვს და მოსახლეობაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ 1 მლნ კვ.მ ტერიტორიაა, სადაც შევდიოდით, ვიყენებდით, გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. არ იდგა იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი, დგას. მარტივი საკითხია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სიტუაცია გარკვეულია სრულად. საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელსაც გიორგი გახარიას ქმედების გამო, ვეღარ აკონტროლებს. თარიღებითაც შეგახსენებთ: 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო. შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან, იყო უარი, რომ არ გადაიტანდნენ არსად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც, როგორც წესი, არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი. ასე რომ, საოკუპაციო ხაზის გადმოსწვრივ, აქეთ მხარეს, სადაც მანამდე ხელისუფლება აკონტროლებდა, გიორგი გახარიას ქმედების გამო ჩაიდგა საგუშაგოები და მილიონი კვადრატული მეტრი დღეს საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის მიღმაა. [საგამოძიებო კომისიაზე] ვხედავდით ადამიანს, რომელიც უტიფრად იტყუებოდა, იქვე ამბობდა ტყუილს და იქვე უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ტყუილი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია იმის გამო, რომ იმ მომენტში სიტუაციიდან გამოძვრეს, თქვას ისეთი „მამალი ტყუილი“, რომელიც რამდენიმე წუთში იქნება მხილებული. იმისთვის, რომ იმ წამს გამოძვრეს, ტყუილებით ცდილობს ფონს გავიდეს. საგამოძიებო კომისიამ მას არცერთი ასეთი მცდელობა არ გაუტარა.
რაც შეეხება ვანო მაჭავარიანის დაბარებას, ის მაშინ მთავრობის წევრი იყო და რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებთან არის კითხვები. იცით, რომ გამოიკითხა ინფრასტრუქტურის მინისტრი, სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელიც, ფინანსთა სამინისტროც უნდა ყოფილიყო ჩართული ან ინფორმირებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული. როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.
ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
