„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, რომ ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, „ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ“.
„მესმის, რომ შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს ერთი და იგივე, მაგრამ გავუსვამ ხაზს ერთ ფაქტს, რომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინისნის მხრიდამ ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა. შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ. უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.
ცოტა ისტორიულ წარსულშიც უნდა დავბრუნდე. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, 1944-45 წლებში ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. რომ წარმოიდგინოთ, ამ პირობებში, ცოლ- ქმარი წვანან ლოგინში და ქმარმა ცოლს ფიურერზე გაუზიარა კრიტიკული აზრი. ამის შემდეგ მათ იჩხუბეს და ცოლმა ქმარი დააბეზღა, ეს კაცი კი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. აბსურდია ხომ? მეტიც, ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო რაღაც სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა თავის კრიტიკულ აზრს, ამ კაცმა კი გაუზიარა ცოლს. შემდგომ, შესაძლოა, ეს აზრი მომავალშიც განვითარებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ასევე ბევრი ადამიანი იქნებოდა, ამიტომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, საერთო რაღაცების დაჭერა შეიძლება ამ ამბავში, იმიტომ, რომ აბსოლუტური აბსურდული ლოგიკაა. ამ ამბავს ჰქონდა ძალიან კარგი დასასრული. ნაცისტებმა ომი წააგეს, 1945 წელია და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა. მე. საერთო ნიუანსებს ვხედავ იმ ლოგიკაში, რასაც იმ დროინდელი პროკურატურა ამყარებდა და იმ რაღაც საქმეში, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
