თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე 3 მოწმე მისცემს ჩვენებას.
სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან, რევაზ კიკნაძის გარდა, წინა სასამართლო სხდომაზე, კიკნაძის ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ ბრალდებული სასამართლო დარბაზში დაებრუნებინა, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომის დაწყებისას, საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირაკლი ბენიამ მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი, რომელსაც ბრალდებულის ნდობა გააჩნია, სასამართლო სხდომას არ ესწრება. მისივე თქმით, მას ბრალდებულ რევაზ კიკნაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც საქმეში წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს არ იცნობს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება