სადაზღვევო სექტორში დავების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება – დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სადაზღვევო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია. მომხმარებელთა საჩივრების 80% კი – დაზღვეულთა სასარგებლოდ წყდება. როგორც დავით ონოფრიშვილმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, სექტორში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
“დღეს ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანიაა, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც კარგი ფაქტორია, რადგან თითოეული მოთამაშე ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არის სიტუაცია, როცა მომხმარებლების უფლებებია დასაცავი,”-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, მომხმარებელთა საჩივრები სადაზღვევო სექტორში ძირითადად ორ მიმართულებაზე – ავტოდაზღვევასა და ჯანმრთელობის დაზღვევაზე ნაწილდება.
“მომართვიანობა ჩვენს უწყებაში იზრდება და ყოველ წელს უფრო აქტიურები ხდებიან მომხმარებლები საკუთარი უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თუკი მომხმარებელი თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, პირველ რიგში, მან თავად სადაზღვევო კომპანიას უნდა მიმართოს, მაგრამ ამის შემდეგ უკვე შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ, ზედამხედველობის სამსახურს. იწერება ოფიციალური განცხადება, ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ხდება ინფორმაციის გამოთხოვა და უნდა ითქვას, რომ დავების 80%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ასრულებს სადაზღვევო კომპანია და ვაღწევთ კომპრომისს დაზღვეულსა და მზღვეველს შორის. თუმცა, თუ მაინც ვერ ხდება შეთანხმება, მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. წელიწადში ჩვენთან შემოსული საქმეების 1%-იც არ მიდის სასამართლოში,”-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.