ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში, სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.
„აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი აქამდე ყოფილა. ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში. სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს სანქციები.
„მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება საკუთარი თავის დასაცავად. არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მხოლოდ აგრესორი წაახალისოს ტერორის ესკალაციისკენ. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციებს. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო გზავნილს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, – აცხადებს სიბიგა.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.
