ლევან გოგიჩაიშვილი – ჩორჩანაში გეგმის საბოტაჟზე პირველად მეც გუშინ მოვისმინე, ეს “იმ მინისტრების” ნამუსზე იყოს, გახარია უკვე პრემიერი იყო – უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გახარიას გომელაური? მე ჩამოვატყავებდი

დღეს თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ – ჩვენ ვსვამთ კითხვას, ეს თუ არა სხვა რა? – პასუხი არ არის, ზოგი [ამბობს] რევოლუცია, სადღაც „შევვარდეთ, გამოვვარდეთ“, კონკრეტიკა არაფერი, პრაგმატიზმი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ყველა, ვინც რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს და იტყვის, „არას და არასდროს“, კარგად უნდა დაფიქრდეს.
„მე არ ვარ რადიკალი ჩემს პოზიციაში, მე ვამბობ, რომ უკეთესი იდეა მომიტანე და მოგყვები. მათი იდეაა, რომ „ცეცხლი დავანთოთ“, სადღაც „შევარდეთ“, „გამოვვარდეთ“, „რევოლუცია“, „ხალხი ავაჯანყოთ“, თვითონ არ სჯერათ, რასაც ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ერთი ერთზე რომ ელაპარაკები ამ ადამიანებს, ისეთი პესიმიზმი მოდის, დეპრესიაში გაგდებს. ჯერჯერობით ამის ალტერნატივა არ არსებობს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების პოზიცია არის გაუაზრებელი, ემოციაზე დაფუძნებული.
„არის პროპაგანდირება, რომ ეს [არჩევნებში მონაწილეობას] არის ცუდი, მაგრამ მათი გზა არ არსებობს, გეგმაც არ აქვთ, არის რაღაც ჰიპოთეტური თავში, რომ სადღაც უნდა შევარდნენ, რევოლუციებს აწყობენ, თავიანთ ილუზიებში არიან. დაანებეთ [ილუზიებს თავი] რა, ცოტა მიწაზე დადექით, რეალობას გაუსწორეთ თვალი და აიღეთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
კითხვაზე, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადება, რომ „რაც პარტიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო“, ხომ არ მიუთითებს პარტიაში დაწყებულ რღვევის პროცესზე, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს: „ეს პარტია რომ დაირღვეს, უნდათ 2021 წლიდან, მაგრამ კიდევ დიდხანს დაელოდებიან „ოცნებაშიც“ და „ნაცებიც“. ამ პარტიას დაშლა არ ემუქრება“.
„მე ვფიქრობ, რომ არასერიოზული იყო ელგუჯა ხოკრიშვილის პოზიციები. არის მარტივი, პრიმიტიული, ემოციური, არაფერზე დაფუძნებული განცხადება, რომლის იქითაც არაფერი არ არის. ახლა ბოიკოტს გაუკეთებს ბერლინში თვითმმართველობის არჩევნებს ელგუჯა ხოკრიშვილი? შენ თუ ამაზე იღებ პასუხისმგებლობას, მაშინ ალტერნატივაც უნდა დადო. არ არის ეს პრობლემა, ჩვენი პარტია იმის განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ.
ელგუჯა ხოკრიშვილს არსად არ დაუწერია, რომ პარტიიდან წავიდა, თუ დაწერს, რომ პარტიიდან წავიდა, მე ამას მივიღებ. მან უბრალოდ პოზიცია გამოხატა, რომ ამას არ ეთანხმება და თუ პარტია მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში, ის არ იქნება მაგალითად კანდიდატი, არც სიაში და არც მაჟორიტარად.
მისი განცხადება ბუნდოვანია, უნდა თქვას და დაწეროს ამ კაცმა წავიდა თუ არ წავიდა, რას დატანჯა ეს ხალხი, თქვას, რა პრობლემაა? ამხელა პოსტი დაწერა, ეპისტოლე მიუძღვნა ამ თემას, გია ბარამიძის პოზიციაზე დადგა და ისიც დაწეროს, წავიდა თუ არ წავიდა. გზის გაყრა შეიძლება პოზიციებში გაყრასაც ნიშნავდეს. თუ რაღაცა დაწერე, ბოლომდე დაწერე, ან წახვედი, ან დარჩი, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. „ნაცებსაც“ უხარიათ, „ქოცებსაც“ უხარიათ, მაგათი გულის გასახარი პოსტი ნამდვილად დადო“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას გამოკითხვაზეც ისაუბრა და გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „მოხდა გეგმის საბოტაჟი და იმ წერტილებზე, სადაც ქართული საგუშაგოები უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა რუსეთის საგუშაგოები – მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა“.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, სუს-ი და ასევე შსს-ი ვალდებული იყო, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების პროცესი გაეგრძელებინათ და მაშინდელმა მინისტრებმა უნდა გასცენ კითხვას პასუხი, რატომ არ გააგრძელეს პროცესი.
„რაც შეეხება საბოტაჟის თემას, ამის შესახებ მეც გუშინ მოვისმინე. ეს მათ ნამუსზე იყოს, იმ მინისტრების. მათ გადაიბარეს, მათი პასუხისმგებლობა იყო და მათ უნდა გაეგრძელებინათ ეს საქმე. გიორგი გახარია უკვე იყო პრემიერ-მინისტრი და ჰქონდა საპარლამენტო პროცედურები. იყო კრიტიკული 10 დღე, რაზეც მან ისაუბრა, ეს იყო მათი ვალდებულება, როგორც სუს-ის, ასევე შსს-ის და კითხვაზე მათ უნდა გასცენ პასუხი, რატომ არ გააგრძელეს პროცესი. კრიტიკული დრო იყო, ან შენ უნდა ჩაგედგა, ან სხვა ჩაგიდგამდა. შენ გაჩერდი, ოკუპანტებმა ისარგებლეს და აითვისეს ბუფერული ზონა. უნდა ჩამოეტყავებინა თუ არა ამის გამო გიორგი გახარიას გომელაური? მე ვფიქრობ, ამას დრო გვაჩვენებს. მე მაგალითად, ჩამოვატყავებდი“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.