“საქართველო ავტორიტარიზმის გზაზე სვლას აგრძელებს მსგავსად აზერბაიჯანისა” – ალი ქერიმლი

ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ალი ქერიმლი აზერბაიჯანიდან სამხრეთ კავკასიის ავტორიტარიზმის გაძლიერებაზე წერს — მათ შორის საქართველოზეც.
აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა, ალი ქარიმლიმ, ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აფასებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლაზე, რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე.
სტატიაში ნათქვამია, თუ როგორ იყენებს კრემლი გლობალურ კონფლიქტებში — განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ომში — ჩართულობას საკუთარი გავლენის გასაფართოებლად უკრაინასა და კავკასიაში.
ისრაელ-ირანის ომში ცეცხლის შეწყვეტა პოზიტიური სიახლეა. მაგრამ ახლა დასავლეთმა ისევ ყურადღება უნდა დაუბრუნოს მთავარ სტრატეგიულ მიზანს — უკრაინის დაცვას რუსეთის ოკუპაციისგან, კრემლის გავლენის შეკავებას სამხრეთ კავკასიაში და რეგიონის მყიფე დემოკრატიების მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური თავისუფლების და დემოკრატიული მმართველობის დაცვა სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მორალური ამოცანა კი არა, არამედ სტრატეგიული აუცილებლობაა. აშშ-სთვის და ევროპის დემოკრატიული ძალებისთვის რუსეთის იმპერიული ამბიციების შეკავება და უკრაინაში, საქართველოში და აზერბაიჯანში დემოკრატიული მედეგობის განმტკიცება უნდა დარჩეს უმაღლეს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტად.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცა ქვეყანა კრემლისთვის სტრატეგიულად მართული სივრცედ, სადაც პოლიტიკური დაჭერები, მედიის დევნა და კანონების რუსული ასლები — უკვე რეალობაა”, – წერს ქარიმლი საქართველოზე.
ქარიმლი საქართველოს აღწერს, როგორც კლასიკურ მაგალითად იმისა, თუ როგორ მუშაობს რუსეთის გავლენა პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოშლით, რაც ქვეყანაში ამცირებს დემოკრატიული მდგრადობას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, პირდაპირ ჩარევას თავს არიდებს და გავლენას ახორციელებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეშვეობით. ხელისუფლება აძლიერებს რეპრესიებს სამოქალაქო აქტივისტებსა და პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება — რუსული FARA-ს ანალოგი — რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას. უკვე დაწყებულია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებაც. ბოლო დღეებში დაპატიმრებულნი არიან ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე — დაჩქარებული სასამართლო პროცედურებით, მათ მიესაჯათ 7-8 თვიანი პატიმრობა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველო ავტორიტარიზმის გზაზე სვლას აგრძელებს — მსგავსად მეზობელი აზერბაიჯანისა.
სტატიაში ასევე საუბარია:
· სომხეთზე, სადაც რუსეთის მხრიდან, როგორც ქარიმლი წერს, მიმდინარეობს ღია მცდელობა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მთავრობის ჩამოგდებისა ეკლესიის, ოლიგარქიისა და პრორუსული მედიის საშუალებით;
· აზერბაიჯანზე, სადაც ავტორი საკუთარ ქვეყანას „დაუცველ რეჟიმად“ მიიჩნევს — ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლა, მედიის ჩახშობა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, ქარიმლის შეფასებით, გახდის ქვეყანას “ბელარუსის მსგავსად მორჩილ პარტნიორად რუსეთისთვის.“
მისი თქმით, „საქართველო და აზერბაიჯანი დღეს არ მხოლოდ თავისუფლების, არამედ სუვერენიტეტის ზღვარზე იმყოფებიან. თუ დასავლეთი, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ვერ მოახდენენ დროულ რეაგირებას, სამხრეთ კავკასია მთლიანად აღმოჩნდება რუსეთის გეოპოლიტიკურ რკალში.“
ქარიმლი აქვე აღნიშნავს, რომ დემოკრატია რეგიონში უკვე ეროვნული უსაფრთხოების ინსტრუმენტად უნდა აღიქმებოდეს:
„დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მხოლოდ დროშას და ჰიმნს. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებელ სასამართლოს, დამოუკიდებელ მედიას, თავისუფალ არჩევნებს. ამ ყველაფერს კი დღეს სამხრეთ კავკასიაში ექმნება რეალური საფრთხე.“ — წერს ის.