“ჩვენ არავის ვივიწყებთ …” – გიორგი მინდაძის დასკვნითი სიტყვა

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მანამდე, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, მინდაძემ სიტყვის უფლება ითხოვა. გალუსტაშვილმა მას განუმარტა, რომ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით შეეძლო ესაუბრა. მინდაძემ მის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს განაჩენის მშვიდად მიღება სთხოვა. გარდა ამისა, ისაუბრა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე და მასში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე.
“მინდა, რომ რამდენიმე წუთით მივმართო ხალხს, საზოგადოებას, თუ მომცემთ ნებას […] მოგახსენებთ, რომ ამ შედეგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა და უსაფრთხოება, ამიტომ ნებისმიერი შედეგის გამოცხადების შემთხვევაში, გთხოვთ, მშვიდად და წყნარად შეხვდეთ განაჩენს. ნუ დატოვებთ ბიჭებს მხარდამჭერების გარეშე დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილებით. ბიჭების 99% თვლის, რომ “ლელომ” არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა… ჩვენ არავის ვივიწყებთ და საკუთარ ბედს თვითონ გადავწყვეტთ”, – განაცხადა გიორგი მინდაძემ.
მის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან ათობით ადამიანი იყო მისული. სხდომათა დარბაზში მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა შესვლა. უმეტესობა განაჩენს სასამართლოს შენობასა და ეზოში ელოდებოდა. სხდომის დაწყებამდე და განაჩენის გამოცხადების შემდეგაც, სასამართლოს მანდატურებმა წესრიგის შენარჩუნების საბაბით შეკრებილ მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს. დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, მინდაძემ 29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, პიროტექნიკა ისროლა, რამაც გდდ-ს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი] წევრი, შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა.
სპეცრაზმელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პირბადით და ქუდით მივიდა და მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა, სახე დაემალა. მან თქვა, რომ დაზიანება მიიღო პიროტექნიკით, თუმცა ექიმის დახმარება არ დასჭირვებია და იმ დროს, როცა დაზიანება მიიღო, მხოლოდ გიორგი მინდაძე ისროდა ფოიიერვერკს მთელ პერიმეტრზე.
გიორგი მინდაძის საქმეში სახელმწიფო ბრალდებას პროკურორი როინ ხინთიბიძე წარმოადგენდა.
ამავე თემაზე:
· ორი განაჩენის მოლოდინში — საბა ჯიქიას და გიორგი მინდაძის საქმეები