„ნანგრევები ისევ ნანგრევებად დგას…“ – ასე ეხმიანება წყალტუბოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხს „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი რამაზ გერლიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
წყალტუბო ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში დიდძალი აქტივებია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მთავრობამ წყალტუბოს კურორტის აღდგენა-განვითარებისთვის სახელმწიფო აქტივების კერძო საკუთრებაში გადაცემა არაერთხელ სცადა, თუმცა კურორტის განვითარების ნაცვლად, რამდენიმე წელში გასხვისებული ქონებები კვლავ სახელმწიფოს უბრუნდება.
ასე მაგალითად, „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ ბოლო ორ წელში წყალტუბოში გასხვისებული სანატორიუმებიდან 3 კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა, ესენია: „მედეა“, „ცისკარი“ და „მეშახტე“. სამივე შემთხვევაში პრივატიზაციის გზით ქონების მიმღებ კომპანიებს ადგილზე სასტუმროების ბიზნესი უნდა განევითარებინათ, თუმცა საინვესტიციო ვალდებულებები ვერ შესრულდა.
როგორც რამაზ გერლიანი აღნიშნავს, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც, წყალტუბოში პრივატიზების პროცესი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. მათ შორის, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქონებას სახელმწიფო საინვესტიციო ვალდებულებებით ასხვისებს.
„სახელმწიფომ, 4-5 წლის განმავლობაში უძრავად არსებული ქონებები, რომელიც უკვე ამუშავებული და გაპიარებული უნდა ყოფილიყო, უკან დაიბრუნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ინვესტორებმა ადგილზე ვერ მოიზიდეს შესაბამისი აქტივები, რათა ძველი შენობები განახლებულიყო. როდესაც კაპიტალიზაცია ამ ქონების ირგვლივ არ ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ეს შესაძლებლობა დასაწყისშივეა გამორიცხულია.
მსგავს ვითარებაში ინვესტორებსაც დარტყმის ქვეშ ვაყენებთ. ქონებების ამუშავება ასეთ ვითარებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ბიზნესი სრულად თავისი ფულით აამუშავებს აქტივს. თუ რომელიმე ინვესტორი ეცდება, რომ ფულის ნაწილი თავად დახარჯოს, ნაწილი კი მოიზიდოს, იმ იმედით, რომ პრივატიზაციის გზით მიღებული აქტივის ირგვლივ კაპიტალიზაციას მოახდენს, პროცესი თავიდანვე განწირულია მარცხისთვის – ასე მოხდა წყალტუბოშიც“, – ამბობს რამაზ გერლიანი.
როგორც მანვე დასძინა, მეორე მთავარი პრობლემა არის არასრული გასხვისება. კერძოდ, წყალტუბოში სახელმწიფომ გაასხვისა მხოლოდ შენობები, წყალტუბოს მთავარი ღირებულება – წყალი კი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დატოვა.
„პრივატიზება ხდება არასრული გზით. მაგალითად, სახელმწიფომ წყალტუბოში ნანგრევები მიუგდო კერძო მესაკუთრეებს და წყალტუბოს მთავარი ღირსება – წყალი დატოვეს ცენტრალიზებულად სახელმწიფო საკუთრებაში. ამ დროს მთელი ბიზნესის წარმატება წყალტუბოში უნდა იყოს აწყობილი იმ მიმართულებით, რომ თითოეულ სასტუმროს ჰქონდეს ამ წყალზე წვდომა. ამ გარემოებამ გარკვეულწილად ზოგ ინვესტორთან მიმართებაში რისკები შექმნა, მაგრამ ეს არის დიდი პრობლემის პატარა მარცვლები, რომლის გამოსწორება-არგამოსწორება, ჯამურად პრივატიზაციის პროცესებს ვერც აღმოფხვრის და ვერ წინ წაიყვანს.
გარდა ამისა, წყალტუბოს კვლევებიდან ჩანს, რომ წყალტუბოს წყალში აღმოჩნდა როდომი. მიჩნეულია, რომ განსაკუთრებით ონკოპაციენტებზე არ მოქმედებს ეს ნივთიერება დადებითად. ამან წყალტუბოსთან მიმართებაში ნეგატიური ფაქტორი გაააქტიურა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არ შეესაბამებოდეს რეალობას, კვლევის დონეზე კი არის დადასტურებული, მაგრამ იქ რამდენიმე წყალია და შესაძლოა, აღრევა მოხდა, ან გარკვეულ ეტაპზე ქონებებზე ფასის დავარდნა ვიღაცას აწყობდა და მაფიოზურად დაიდო დასკვნა. ვფიქრობ, რომ ეს კვლევა გადასახედია.
ამ ყველა ფაქტორმა მოგვცა არსებული მდგომარეობა – წყალტუბოში ნანგრევები ისევ ნანგრევებად დგას, სთავაზობდნენ ქონებებს ინვესტორებს, მაგრამ არავის არ უნდა, რომ სახელმწიფოსთან ასეთ გაუგებარ ურთიერთობაში შევიდეს, რისკის ქვეშაა ის თანხებიც კი, რასაც დახარჯავენ ამ აქტივების ამუშავებაზე და სარგებელსაც ვერ მიიღებენ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რამაზ გერლიანმა.
მიუხედავად წყალტუბოსთან მიმართებაში არსებული გამოწვევებისა, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ თუ არ შეიცვალა პრივატიზაციის მეთოდი, პრობლემები კვლავაც აქტიური დარჩება. უფრო კონკრეტულად, რამაზ გერლიანი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის შემდეგში: სახელმწიფო ქონება აქციების სახით კონკურენციის პირობებში და ეკონომიკური პრინციპების დაცვით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ წლების განმავალობაში უფუნქციოდ დარჩენილი აქტივები გააქტიურდეს.
www.bpn.ge
