„საქართველოში შრომის ბაზარი თითქმის გაიყინა. აბსურდულია, რომ 2028 წლამდე საშუალო ხელფასი 3500 ლარამდე გაიზრდება“ – გიორგი ხიშტოვანი

„წელს საქართველოში შრომის ბაზარი თითქმის გაიყინა“, – ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის Employment Tracker-ის ბოლო გამოცემებს ეხმაურება, საიდანაც გოგა ხიშტოვანი მთავარ მიგნებებსა გამოყოფს. ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, კი დღეს შრომის ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მთავრობის დაპირება, რომ 2028 წლამდე საშუალო ხელფასი 3500 ლარამდე გაიზრდება, აბსურდული ხდება.
„ჩემი აზრით, Employment Tracker-ის ბოლო გამოცემიდან შემდეგი ოთხი მთავარი მიგნების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია:
1. 2021 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა კვარტლიდან კვარტლამდე მნიშვნელოვნად იზრდებოდა (2021 წლის პირველ კვარტალში: 9%-იანი ზრდა (800 ათასი); 2022 წლის პირველ კვარტალში: 7%-იანი ზრდა (857 ათასი); 2023 წლის პირველ კვარტალში: 4,7%-იანი ზრდა (897 ათასი); 2024 წლის პირველ კვარტალში: 3,7%-იანი ზრდა (930 ათასი); წელს, პირველ კვარტალში, ზრდა არის მხოლოდ 0,7% (937 ათასი). დასკვნა: წელს საქართველოში შრომის ბაზარი თითქმის გაიყინა.
2. წელს მაისში, ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდის ტემპი, მნიშვნელოვნად შემცირებულია და დასულია 1,5%-იან ზრდაზე; ეს ნიშნავს, რომ წელს მაისში ხელფასი დაახლოებით 15 ათასით მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე წინა წლის მაისში, რაც, 2024 წლის მაისის ზრდის ტემპთან შედარებით, 3-ჯერ შემცირებული მაჩვენებელია. ამასთანავე, წელს, მაისში, აპრილთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა არ შეცვლილა; დასკვნა: იგივე; საქართველოში წელს შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად შენელებულია;
3. საქართველოში, 2400 ლარზე მაღალი ხელფასი აქვს ხელფასის მიმღებთა მხოლოდ 31,8%-ს. რას ნიშნავს ეს? იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მონაცემებით (2025 წლის პირველი კვარტალი), საქართველოში საშუალო ხელფასი 2 170 ლარია, ეს ნიშნავს, რომ საშუალო ხელფასზე მაღალ ხელფასს, საქართველოში, მაქსიმუმ ხელფასის მიმღებთა 35% თუ იღებს. ხოლო ხელფასის მიმღებთა დანარჩენი 65%-ის ხელფასი საშუალო ხელფასზე დაბალია. დასკნა: დაქირავებულების საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან ცოტა რამეს გვეუბნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლებზე;
4. ხელფასის მიმღებთა 33%-ის ხელფასი არის 1200 ლარი და ნაკლები (ანუ, თითქმის იმის ნახევარი, რაც საშუალო ხელფასია). დასკვნა: არარელევანტურია „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში ხელფასების მატებას და მოსახლეობის გამდიდრებას ეხება და აბსურდული/არარელევანტური ხდება „ქართული ოცნების “პროპაგანდის ის ნაწილი, რომ საქართველოში 2028 წლამდე საშუალო ხელფასი 3500 ლარამდე გაიზრდება.
პ.ს. ამ სტატისტიკაში არ შედის ოფიციალურად დასაქმებულად ჩათვლილი 435 ათასი თვითდასაქმებული ადამიანი (2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით). ამ ადამიანების შემოსავლებზე და დასაქმების ტიპზე, ფაქტობრივად, არაფერი არ ვიცით. ისიც არ ვიცით, საერთოდ, მუშაობენ ისინი, თუ არა. ერთადერთი, დასაბუთებული ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წესით მათი საშუალო ხელფასი, დაქირავებულების საშუალო ხელფასზე მნიშვნელოვნად დაბალი უნდა იყო. რაც ზოგად სურათს, კიდევ უფრო ამძიმებს“,- წერს გიორგი ხიშტოვანი.