მოშიმშილე მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა

დღეს, 3 ივლისს, ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა.
მასთან სასწრაფო დღეს ორჯერ გამოიძახეს. როგორც, მაღაროელები ამბობენ, მან უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინა.
„არანაირად არ უნდოდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მის დაუკითხავად, გამოვიძახე. მოვიდა [სასწრაფო დახმარება], უბრალოდ, ყველანაირ კონტროლზე, გასინჯვაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე თქვა უარი. წნევაც კი არ გაისინჯა და აცხადებს, რომ სანამ ჩემი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, მე სულ რომ გავითიშო და უგონოდ ვიყო, აქედან [მოშიმშილეთა კარვიდან] საკაცით გამიტანენ, არც ჩემი ფეხით წავალ აქედან და არც სასწრაფოს გავასინჯვინებ თავსო.
ასეთი პრინციპული ადამიანია. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა. რომ შეხედავთ, ისედაც აშკარად ცუდად გამოიყურება ადამიანი. იმედი მაქვს, ბიჭები ციხიდან გამოვლენ, ბიჭებიც თავის ჯანმრთელობას მიხედავენ და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში“, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღეა და შიმშილობის 15-ე დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მათი მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი 4 მაღაროელის გათავისუფლებაა.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმენტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.