გიორგი ბარამიძე – 4 ოქტომბერს ადგილობრივი კი არა, სპეცოპერაცია ტარდება და ვინც მიიღებს მონაწილეობას, „ქოცების“ საქმის გამკეთებელია – ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჩვენთვის მისაღებია

ადგილობრივი 4 ოქტომბერს არ ტარდება, ტარდება სპეცოპერაცია და ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება ქართველი ხალხის მოღალატე და „ქოცების“ საქმის გამკეთებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ „რეჟიმის“ წინააღმდეგ მოქმედებებში.
„ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც კი ოდნავ მაინც რამეს კარგს გააკეთებს. ყველა პარტიასთან, ვინც კი საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ჩართული ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებში, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ვინც კი აქ, ადგილზე იტყვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის რუსული რეჟიმი, მოღალატე რეჟიმი და მის წინააღმდეგ თუნდაც სიტყვას დაასველებს, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ოღონდ ეს თანამშრომლობა არის სხვადასხვა დოზით, ვიღაცასთან უფრო ახლოს ვიქნებით და ვიღაცასთან ბევრად უფრო შორს.
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ენა მოვუჩლიქოთ ვინმეს და რახან ვთანამშრომლობთ, ვიღაცას რაღაცა შევარჩინოთ, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არჩევნები გვინდა, ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, მაგრამ 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია. რუსულ სპეცოპერაციაში, „ქოცურ“ სპეცოპერაციაში ვინც მიიღებს მონაწილეობას, ყველა უღალატებს შვიდთვიან პროტესტს და თავის სიტყვას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძის თქმით, 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული „საერთო სახალხო პროცესს“ შეუერთდება.
„4 ოქტომბერს ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკე არაფერს არ აპირებს. ვცდილობთ, ყველგან ვიყოთ, სადაც არის ხალხი. ბატონი პაატა ბურჭულაძის პოზიცია მისაღებია ჩვენთვის.
რაც არ უნდა განსხვავებები გვქონდეს ჩვენ ერთმანეთში, 8 პარტია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კამპანია კოორდინირებულად ვაწარმოოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არაძალადობრივი ფორმებით პრინციპულად და რადიკალურად ვებრძოლოთ საქართველოს ღალატს და მოღალატეებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა