საქართველოს ტურიზმის სექტორის დაკრედიტება წლიურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის სექტორის მხრიდან ახალი საბანკო სესხების აღება მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მაისის მდგომარეობით სასტუმროების და ტურიზმის სექტორის საკრედიტო პორტფელი 3.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 22 მილიონი ლარით, ანუ 1%-ით მეტია.
ეს კი ნიშნავს, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების მხრიდან განვითარების თუ გაფართოების მიზნით ახალი საბანკო კრედიტების აღება თითქმის არ მომხდარა.
ტურიზმის სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირებაზე ასევე მიანიშნებს ისიც, რომ ამ სექტორში ჩადებული FDI 2025 წლის პირველ კვარტალში 21%-ით შემცირდა და მან 15.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მთლიანად კერძო სექტორის დაკრედიტებას, კორპორატიული სექტორის საკრედიტო პორტფელი წლიურად 18%-ით არის გაზრდილი და ის 23.2 მილიარდ ლარს შეადგენს, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი 8%-ით გაიზარდა და 10.2 მილიარდი ლარია, ხოლო მიკრო ბიზნესის პორტფელი კი 9%-ით.
რაც შეეხება იმ სექტორებს, სადაც დაკრედიტების ზრდა მაღალია, მათ შორისაა საფინანსო სექტორი 51%-იანი ზრდით (პორტფელი 981 მლნ-მდე გაიზარდა), საწვავის იმპორტიორები და ბენზინგასამართი სადგურები პორტფელის 50%-იანი ზრდით (კრედიტების მოცულობა 739 მლნ-მდე გაიზარდა), ზრდის ტემპით – 43%-ით მესამე ადგილზე კი ტელეკომუნიკაციის სექტორია, რომლის საკრედიტო პორტფელმაც 316 მილიონ ლარს მიაღწია.
27%-ით არის გაზრდილი დეველოპერული სექტორის საკრედიტო პორტფელი და ის ამჟამად 4.2 მილიარდ ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მატება 5%-ია და ის 3.4 მილიარდი ლარია.