„ოცნებამ“ კანონები დაჩქარებული წესით გაამკაცრა

„ქართულმა ოცნებამ“ კანონები დაჩქარებული წესით გაამკაცრა.
კერძოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2 დღეში განიხილა და დღეს საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები არაერთ კანონში. მათ შორის:
· გამკაცრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირი ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
· შეიცვალა გზის გადაკეტვის საქმეებზე ჯარიმების გასაჩივრების წესიც. ცვლილება შეეხო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ისეთ მუხლებს, რომლებიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, პატიმრობასაც ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, თუ პირი მსგავსი მუხლების დარღვევისთვის დაჯარიმდება, მას ჯარიმის გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში შეეძლება. ასეთია ის მუხლები, რომლებიც ხშირად გამოიყენება საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ადამიანების მიმართ, მათ შორისაა მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის შესახებ მუხლი. აღსანიშნავია, რომ როდესაც საქალაქო სასამართლო საჩივარზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მაშინვე შევა ძალაში და მისი ზემდგომ ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმის გადახდის აღსრულებას აღარ შეაჩერებს. ახალი წესით დაჯარიმებული პირი ვალდებული იქნება ჯარიმა კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული აქვს თუ არა ზედა ინსტანციაში.
· შეიზღუდა სასამართლო სხდომების აუდიოჩაწერაც. „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, წინა კვირაში მიღებულ კანონში, რომლითაც, ფაქტობრივად, აიკრძალა სასამართლო სხდომების გადაღება, გამორჩათ მიეთითებინათ, რომ აუდიოჩაწერაც შეიზღუდება.
· გაიზარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები.
· ცვლილებები შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში. უკანონო მიგრანტის გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელის საცხოვრებლის და სამუშაო ადგილის შემოწმების უფლება ექნება.
· ცვლილებები შევიდა უნდა შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსშიც. კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვა-მოყვანასთან დაკავშირებით სასჯელი გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარება დასჯადი გახდა, 5 გრამ მარიხუანაზე კი 6 წლამდე პატიმრობა იქნება.
· ცვლილება შევიდა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონში. ცვლილებების თანახმად, პროკურორს შეეძლება, რომ დაფარული დატოვოს ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებასთან თანამშრომლობს. ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიციელი, რომელიც მოქმედი წესებით სასამართლოში მისცემდა ჩვენებას, ისე სხვა მოწმე.