გახარიას და მის თანაპარტიელებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

სადავო პარლამენტის დღევანდელ, 2 ივლისის, სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება „არასაპატიო გაცდენის“ საფუძვლით შეუწყდათ ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მის 11 თანაგუნდელს.
ესენი არიან თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.
გიორგი გახარიას პარტიას, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს ნიშნავს, რომ სადავო პარლამენტის დღის წესრიგში დადგება პარტიის საარჩევნო სიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.
გიორგი გახარია თავისი პარტიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა:
„დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ერთპარტიულმა რეჟიმმა, ერთხმად მისცა ხმა „საქართველოსთვის“ პარტიის 12-ვე მანდატის გაუქმებას. პოლიტიკური ბოიკოტი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ჩვენ პასუხისმგებლობით გამოვიყენეთ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უარი ვთქვით დაკავებულ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, თუმცა ხალხის მანდატზე უარს არ ვამბობდით, ჩვენი მანდატების გაუქმება არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი; ეს იყო გზის გაწმენდა პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის, იმუნიტეტის მოხსნა შეთითხნილი ბრალდებების წინ და მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრა მუნიციპალურ არჩევნებამდე. ეს უკვე გვინახავს, კრემლის სცენარიდან ამოხეული ფურცელი: მოხსნა იმუნიტეტი, შეთხზა სისხლის სამართლის ბრალდებები და გაანადგურა პოლიტიკური ალტერნატივები“.
150-წევრიან პარლამენტში სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს 61 ოპოზიციონერ დეპუტატს. ამჟამად მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მუშაობას აგრძელებს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ 89 დეპუტატი.
დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, პარტია მომდევნო ექვსი თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში პარლამენტის პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან შეუჩერდება.
თებერვალში 49 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუწყვიტეს უფლებამოსილება.
ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა (89 მანდატი).
ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.
ფორუმი