PEN International ზვიად რატიანის გათავისუფლებას ითხოვს

პენ საქართველო და PEN International პოეტ ზვიად რატიანის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე,“ — ნათქვამია განცხადებაში.
PEN International-ის და პენ საქართველოს განცხადებით, რატიანს პოლიციელზე თავდასხმის გამო არაპროპორციულად მძიმე სასჯელი ელის.
„PEN International-მა და პენ საქართველომ გადაამოწმეს ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ რატიანის ქმედებას პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია — სამართალდამცავი არ დაშავებულა. 200-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა ხელი მოაწერა სოლიდარობის წერილს, რომელიც პენ საქართველომ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ ერთად შეიმუშავეს,“ — ნათქვამია განცხადებაში.
PEN International-ის და პენ საქართველო ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში გასულ წელს დაწყებულ პროევროპულ და ანტისამთავრობო პროტესტებს პოლიცია დღემდე ძალადობით, მათ შორის წამებითა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით უპირისპირდება, რისთვისაც არავინ დასჯილა.
„ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს ხულიგნობისა და თავდასხმის მუხლებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება საგანგაშო ტემპით იღებს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, ასევე სამიზნედ ირჩევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. PEN International და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს,“ — ნათქვამია განცხადებაში.
„ზვიად რატიანს დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო. ჩვენ მამაც ქართველ ხალხთან ერთად ვართ მაშინ, როცა ხელისუფლება საგანგაშოდ სწრაფი ტემპით ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს,“ — განაცხადა PEN International-ის კომიტეტის „მწერლები ციხეში“ თავმჯდომარე მეთიდამ.
PEN International და პენ საქართველო აცხადებენ, რომ ასევე უსამართლოდ არის წინასწარ პატიმრობაში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
„თუკი დამნაშავედ ცნობენ, მასაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის დაუსაბუთებელი და მძიმე ბრალდების გამო. ამაღლობელი დაავადებულია კერატოკონუსით — პროგრესირებადი თვალის დაავადებით, და ციხეში ყოფნისას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. PEN International და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას შეუერთდა PEN America-ც. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.
„ჩვენ ვუერთდებით PEN International-სა და პენ საქართველოს მწერლებისა და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, მაშინ, როცა ხელისუფლება ზღუდავს თავისუფალი გამოხატვასა და ადამიანის უფლებებს,“ — აცხადებს PEN America.
PEN ხელს უწყობს შემოქმედებითი თავისუფლების უფლებებს, ლიტერატურის განვითარებასა და პოპულარიზაციას და იცავს ადამიანების ინტერესებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. PEN International ამჟამად ასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.
· ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
· ზვიად რატიანი სისხლის სამართლის წესით დააკავეს
· პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს