Amnesty International-ი მოითხოვს საქართველოში საპოლიციო ძალადობაში მონაწილეთა დასჯას

1 ივლისს Amnesty International-მა დაიწყო გლობალური კამპანია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხისგებაში მისცეს პროევროპული აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს მასშტაბით მომიტინგეები გადაჭარბებული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რეპრესიული კანონებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მომიტინგეების დარბევის, ცემის, შევიწროებისა და სისხლის სამართლის დევნის შერჩევითი გამოყენების პრაქტიკა. მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მან პატივი სცეს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არაა სამართალდამცველი უწყებების არცერთი თანამშრომელი.
Amnesty International-ი საქართველოს გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, უზრუნველყოს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ ცნობის სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და უზრუნველყოს სამართლიანობა და მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურება.
Amnesty International-ი თავისი კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კონკრეტული დემონსტრანტების საქმეებს, მათ შორის საბა სხვიტარიძისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, პროტესტის უფლების გამოყენების გამო წამებისა და არასათანადო მოპყრობის, უსამართლო სასამართლო პროცესებისა და თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი გახდნენ პროტესტის უფლების რეალიზაციის გამო.
ბოლო თვეებში ასობით ადამიანმა ოფიციალურად ითხოვა გამოძიების დაწყება სამართალდამცავების ჩადენილ დანაშაულებზე და დამნაშავეების დასჯაც მოითხოვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მათ უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით 343-მა ადამიანმა, მათ შორის, 49 ჟურნალისტმა მიმართა.
თუმცა გამოძიების დაწყებიდან თითქმის შვიდი თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
არ არის გამოძიებული არც ის საქმეები, რომლებშიც ადმინისტრაციული წესით დაკავებული ასობით დემონსტრანტი საუბრობს სხვადასხვა ნივთის, მათ შორის ტელეფონების, ყურსასმენების, ლეპტოპების, საფულეების, საათებისა და სხვა პირადი ნივთების ჩამორთმევა/წართმევის შესახებ. ეს ნივთები მათ დღემდე არ დაჰბრუნებიათ.
სამართლებრივად, ეს საქციელი, შესაძლოა, ძარცვად ან სამოხელეო დანაშაულად ჩაითვალოს.
“ქართული ოცნების” მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ საქართველოში პროდასავლური აქციები უწყვეტად იმართება.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.
“პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ” “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც.
მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში არსებულ “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.
ფორუმი