ვერ ვხედავ, რომ საქართველოში „რევოლუცია მოდის“. ვინც ხედავს, გაუმარჯოს! ვინც რევოლუციაზე ფიქრობთ, შედეგებზე ფიქრობთ? რომელმა რევოლუციამ მოიტანა ის შედეგები, რაც თქვენ გინდათ? – რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, მიმაჩნია, რომ გაურკვეველია, რა არის ბოიკოტი, ამას არსად არასდროს უმუშავია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებებს გამოეხმაურა.
ზაქარეიშვილის თქმით, რევოლუციის პირობებს ქმნის ხელისუფლება და არა ოპოზიცია.
„რევოლუცია თავისით მოდის. რევოლუციის პირობებს ქმნის არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. ყოველთვის ასეა. მე ვერ ვხედავ, რომ რევოლუცია მოდის. ვინც ხედავს, გაუმარჯო! მე ვერ ვხედავ ნამდვილად. მე ვნახე რევოლუცია როგორ მოვიდა ლიბიაში, ერაყში, ავღანეთში და ჩვენ ყველგან სამოქალაქო ომებს ვხედავთ. ვინც რევოლუციაზე ფიქრობთ, შედეგებზე ფიქრობთ, რას მივიღებთ? რომელმა რევოლუციამ მოიტანა ის შედეგები, რაც თქვენ გინდათ? მე ვერ ვხედავ ამ რესურსს. ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მხოლოდ სამი ფორმა არსებობს. ერთია, ნამდვილად რევოლუცია. ხალხი გამოდის ქუჩაში და ამხობს ხელისუფლებას, ან თვითონ ხდება ძალაუფლების მმართველი, როგორც ბოლშევიკები გახდნენ და თვითონ კიდევ უფრო დიდი ტირანია დაამყარეს, ვიდრე იყო მეფის რუსეთი. მეორე ვარიანტია მშვიდობიანი ფორმები. აქ ვგულისხმობ ავტორიტარიზმის კანონებით და წესებით [დამარცხებას]. საბჭოთა კავშირი ასე დავამხეთ, ასე დავასრულეთ შევარდნაძე და „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არჩევნებში ყოველთვის მათი წესებით შევდიოდით და ვიმარჯვებდით, რადგან მართლები ვიყავით. მეორე ფორმა – მშვიდობიანი, ყველაზე ეფექტურია. ამას სჭირდება მუდმივი მასობრივი გამოსვლები. საქართველოსნაირი ტიპის სახელმწიფოში ეს შეიძლება იყოს 50-დან 100 ათასამდე კაცის მუდმივი, რეგულარული გამოსვლა, ვიდრე არ დაემხობა ხელისუფლება. როგორც წესი, ხელისუფლება 1-2 კვირაში ემხობა, მეტი არა. ჩვენ ეს გზა ჯერ არ გაგვივლია. ნოემბერში გვქონდა 2-3 საათიანი გამოსვლები. მე ვამბობ 2-კვირიანი. მესამე ვარიანტში, ავტორიტარიზმი იმარჯვებს.
ჩვენ სამწუხაროდ, ვიმყოფებით მესამე ვარიანტში. იმიტომ, რომ ჩვენ ემოციურები ვართ და არ ვკადრულობთ ტალახში ზელვას, ნებით „ქართულ ოცნებას“ გადავულოცავთ ძალაუფლებას, ეს მოხდება ოქტომბერში. ამაზეა საუბარი და არა ღალატზე და არა „შენ ესეთო“, „შენ ისეთო“. მიმაჩნია, რომ გაურკვეველია, რა არის ბოიკოტი. ბოიკოტს არსად არასდროს არ უმუშავია“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „საქართველოში ავტორიტარიზმი ჯერ კიდევ არ არის ისეთი, როგორიც ბელარუსშია“.
„მთელი ტრაგედია ისაა, რომ საქართველოში ყველაზე ეფექტურად ბოგინობს არა ავტორიტარიზმი, რაც ჯერ კიდევ მოძრაობს, არამედ ბოლშევიზმი. მიუღებელია განსხვავებული აზრი. ის ხალხი, რომელსაც ხელაღებით შეუძლია სხვა ჩარეცხოს და ჩათვალოს, რომ მოღალატეა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას, თუ ღმერთმა დაიფაროს და ასეთ ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში? პრობლემა არაა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციასა და საზოგადოებაში. უკვე მიუღებელია ყოველგვარი განსხვავებული აზრი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების თემას, ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმიტომ დააპატიმრეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება ბოიკოტი, რათა ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე და შესაბამისად, არ დასჭირდეს მისი გაყალბება“.
„ლიდერების დაპატიმრება იმისთვის ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ წყალივით, ჰაერივით სჭირდება ბოიკოტი, იმიტომ, რომ არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე და არ დასჭირდეთ გაყალბება. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია, არა გაყალბებაზე, დახოცვაზეც კი, მაგრამ არც დახოცვა უნდა ხალხის და არც გაყალბება, ყველაზე იოლი ფორმა უნდა.
„ქართული ოცნების“ ამაზრზენი, ამორალური პოლიტიკაა, რომ ადამიანების სიცოცხლით, ადამიანების ჯანმრთელობით, თავისუფლებით ვაჭრობს დასავლეთთან. არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, როგორმე მიბობღდეს არჩევნებამდე, ხელახლა მიითვისოს, აითვისოს, ხელისუფლების უზურპაცია მოახდინოს. შემდეგ კი, სამი წელი, მისი აზრით და იმედია ასე არ იქნება, ჰქონდეს კომფორტული ზონა, რათა ქვეყანა ისე მართოს, როგორც უნდა 2028 წლამდე.
როგორც კი არჩევნები დასრულდება, შეიძლება გამოუშვას პატიმრები, რათა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციები შეაჩეროს. შეიძლება წინმსწრებად, სექტემბერში, არჩევნებამდე ერთი-ორი კვირით ადრეც გამოუშვას ახალგაზრდები, რათა ამომრჩეველზე მოახდინოს გავლება და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკური ლიდერები რომ გამოუშვას, ვიღაც ჩათვლის, რომ „ჩვენ გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა, ასევე, ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზეც. პოლიტოლოგის აზრით, გახარია ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს „თუ გინდ ციხეში მოხვდეს“.
„გახარია ყოველთვის დგამდა სწორ ნაბიჯებს. ესეც გათვლილი ექნება. თუ არ დაბრუნდება და უცხოეთიდან მართავს თავის და პარტიის საქმეს, მე მგონია, რომ ეს სწორი არ იქნებოდა, მაგრამ თუ მას გათვლები აქვს და როგორც წესი, სწორ გათვლებს აკეთებს, ძალიან გამიხარდება ვაღიარო, რომ სწორად მოიქცა, რომ დარჩა. ჯერჯერობით მაინც მიმაჩნია, რომ უნდა ჩამოვიდეს, თუ გინდ ციხეში მოხვდეს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას, სადაც იგეგმება გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვა 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე. ზაქარეიშვილი გახარიას მიერ შს მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს თემა სახელმწიფოს ინტერესებზე გადის, ამიტომ, მასზე საუბარი დახურული უნდა იყოს.
„გახარიას მიმართ ანტისახელმწიფოებრივი კითხვებია იმიტომ, რომ მოუწევთ იმაზე საუბარი, რაც არ უნდა იყოს საჯარო. საუბარი უნდა იყოს დახურული. ჩორჩანაში გახსნა თუ არა საგუშაგო, ეს სახელმწიფოს ინტერესებზე გადის. რაც შეეხება უშუალოდ საგუშაგოს საკითხს, მე მართლა არ ვიცი მოტივაცია. 2019 წელს მოხდა და სამი წლის წამოსული ვიყავი მთავრობიდან. გახარიას ეს ნაბიჯი ძალიან გავაკრიტიკე მაშინ. ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები. ვერ გავიგე, მან რატომ გააკეთა ეს, მაგრამ ეს არ არის საჯაროდ განსახილველი საქმე, ამაშია პრობლემა. „ქართულ ოცნებაშია“ პრობლემა დღეს ასე საჯაროდ რომ გამოაქვს ეს თემა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
ამასთან, ზაქარეიშვილმა შეაფასა ცვლილებებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და რომელიც მათ შორის მომიტინგეებს შეეხება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ „ეს რეგულაციები შედეგს ვერ გამოიღებს“. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა „ქართველების ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის ციხეებში“.
„ეს არის პანიკის ნიშანი. ხალხი ქუჩაშია, ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. ეს არის უმწეო ხელისუფლების უმწეო ქცევა. მათ გამოიყვანეს ქართველების ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის ციხეებში. მათ ციხეები არ ეყოფათ, ეს ყველაფერი რომ გააკეთონ და შეასრულონ. ციხეები კი არა, ციხის თანამშრომლები არ ეყოფათ. ბოთლიდან ეს ჯინი გამოუშვეს და შესაბამისად, ამას ხვდებიან. მთელი ჩვენი ტრაგედია ისაა, რომ ჩვენ უახლოესი 4 წელიწადი უნდა გადავულოცოთ, ვაჩუქოთ ხელისუფლება, ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“, თორემ შანსები ახლაც გვაქვს, რომ დავიწყოთ დემონტაჟი. არა განვახორციელოთ, არამედ დავიწყოთ. გამორიცხულია, ეს რეგულაციები შედეგს ვერ გამოიღებს“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
