რუბიომ USAID-ის საქმიანობა ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID), რომელიც მსოფლიოს ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 1961 წლიდან ეხმარებოდა, ეს მისია ოფიციალურად შეწყვიტა 2025 წლის 1 ივლისიდან.
-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, „მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტიანობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა“ და „1 ივლისიდან USAID ოფიციალურად წყვეტს უცხოეთის დახმარებას”.
რუბიოს თანახმად, ამიერიდან უცხოეთის ქვეყნების დახმარების პროგრამებს სახელმწიფო დეპარტამენტი მართავს, ეს პროგრამები კი მხოლოდ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკის შესაბამისი იქნება და გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების მიხედვით მიიღებენ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, USAID-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული 715 მილიარდ დოლარზე მეტი ხარჯის გაანალიზებამ აჩვენა, რომ განვითარების მიზნები იშვიათად მიიღწეოდა და ეს პროგრამები არც ამერიკის ინტერესების გატარებას არ ემსახურებოდნენ.
რუბიომ ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ საჰარიდან სამხრეთით მდებარე აფრიკულმა ქვეყნებმა, რომლებსაც 1991 წლიდან USAID-ის მეშვეობით გაუწიეს 165 მილიარდი დოლარის დახმარება, გაეროში მნიშვნელოვანი რეზოლუციების მიღებისას აშშ-ს მხარი დაუჭირეს მხოლოდ შემთხვევების 29%-ში.
30 ივნისს გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნდა მეცნიერთა ჯგუფის კვლევა, რომლის თანახმად, USAID-ის პროგრამების დახურვა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში სიკვდილის უშუალო საფრთხეს უქმნის 14 მილიონზე მეტ ადამიანს.
მკვლევართა მონაცემებით, USAID-ის დახმარებამ გასული 20 წლის განმავლობაში სიკვდილისგან იხსნა თითქმის 92 მილიონი ადამიანი, მათ შორის 30 მილიონზე მეტი ბავშვი.
აშშ-ში 1961 წელს შექმნილი საერთაშორისო განვითარების სააგენტო მთელ მსოფლიოში ახორციელებდა ჰუმანიტარულ პროგრამებს და მილიარდობით დოლარს ხარჯავდა სიღარიბესა და დაავადებებთან ბრძოლის, შიმშილისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისა და სხვა მსგავსი მიზნებით. USAID-ი აფინანსებდა საგანმანათლებლო პროექტებსაც.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა და განაცხადა, რომ ამერიკის ინტერესებთან მათი შესაბამისობა უნდა შემოწმდეს.
თებერვალში ტრამპმა, მტკიცებულებების გარეშე, სააგენტო კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ USAID-ი უნდა დაიხუროს. მარტში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ პროგრამების 83% დაიხურა.
ფორუმი