გუშინ, ბათუმის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა ჩატარდა – ლურჯი ეკონომიკა, ლოგისტიკა, საზღვაო ტრანსპორტის და მწვანე დერეფნების განვითარება – ეს ნაწილია იმ მიმართულებებისა, რომელსაც ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფცია ითვალისწინებს. დოკუმენტი, მასზე მომუშავე “სითი ინსტიტუტმა” უკვე წარუდგინა ბათუმის საკრებულოს.
სითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დოკუმენტთან მიმართებით საჯარო განხილვაზე შენიშვნები არ ყოფილა, შესაბამისად, მამუკა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ დოკუმენტი თვის ბოლოს დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნება. მისი თქმით, ყველაზე რთული უკვე მომზადებული დოკუმენტაციის აღსრულებაა, რომელიც მუნიციპალიტეტებს უჭირთ. სალუქვაძე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების მიუხედავად იმედოვნებს, რომ დოკუმენტით დადგენილი სტანდარტების აღსრულება მოხდება, რადგან ქალაქის სწორი განვითარება სხვანაირად წარმოუდგენელია.
“გენგეგმის დოკუმენტთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ ყოფილა ამ ეტაპისთვის რაიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა. თხოვნა იყო საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატისგან, რომ უფრო მეტად გასაგებად ავხსნათ პროცესები დოკუმენტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით. დოკუმენტი ძალიან სპეციფიკური და პროფესიონალურია საზოგადოებისთვის ყველა ურბანისტი არ არის და ბუნებრივია ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო გარკვეული შტრიხები შევძინოთ ჩვენს პრეზენტაციებს, რომ უფრო გასაგები გახდეს ჩვენი დოკუმენტის შინაარსი. სხვა სახის შენიშვნა არ ყოფილა, მერიასთან ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ძირითადი პრინციპები და მიმართულებები კონცეფციის, აქედან გამომდინარე სიახლეები არ ყოფილა. ახლა გარკვეული პროცედურები უნდა გავიაროთ ჩვენ. დოკუმენტი ჩაბარებულია, საჯარო განხილვაშიც მივიღეთ მონაწილეობა, წარვადგინეთ პრეზენტაცია. გარკვეული პერიოდი 15 სამუშაო დღე დასჭირდება იმას, რომ დავიცადოთ, ხომ არ არის რაიმე შენიშვნა, ხომ არ არის რაიმე წინადადებები, ამის გათვალისწინება მოხდეს თუ ისინი რაციონალურია, შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, რომ საკრებულოს გადაეგზავნოს დოკუმენტი დასამტკიცებლად. თვის ბოლოსკენ ველოდებით რომ საკითხი საკრებულოზე იქნება გატანილი.
გენგეგმის აღსრულება არის საკმაოდ ძნელი მუნიციპალიტეტებისთვის. ალბათ ის პერიოდები, როდესაც სხვა ფორმატით მუშაობდნენ ეს სამსახურები ძნელად იძლევა საშუალებას, რომ ახალი ფორმატით დაიწყონ მუშაობა, ვგულისხმობ მუშაობას გენგეგმით განსაზღვრული მიგნებებით. თუ გვინდა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ქალაქის სწორად განვითარება ამ გზით არის შესაძლებელი. სხვა გზით ეს არ გამოდის. ყველა შემთხვევაში ვიტოვებთ იმედს დოკუმენტი რეალობაში შესრულდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებზე და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული და მათ შორის საკრებულოებზე თუ როგორ გააერთმევენ თავს ამას”, – აცხადებს “სითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე.
ცნობისთვის, გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით, ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა.
