პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სომხეთისა აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან და აცხადებს, რომ საქართველო მათ გვერდით უნდა იდგეს.
„სომხეთი და აზერბაიჯანი აქტიურად დაუპირისპირდნენ რუსეთს, ივანიშვილი კი მირბის რუსეთში და მიათრევს საქართველოს“, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე და დასძენს:
„ჩვენ ვართ კავკასიელები და არა რუსები, უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია“.
ბოლო პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანში, – რომლებსაც, არაერთი დაპირებისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვთ სამშვიდობო შეთანხმება ხელმოწერილი, – მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება.
· იმის ფონზე, რომ სომხური პოლიტიკური წრეები საუბრობენ სომხეთის ეკლესიაში „კაგებეს გავლენებზე“, ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის მეთაურს, კათალიკოს გარეგინ II-ს მწვავედ დაუპირისპირდა და მის გადადგომას ითხოვს; პარალელურად კი ღრმავდება სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები; დაწყებულია სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის რთული და სავარაუდოდ ხანგრძლივი პროცესიც;
· აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბულია – აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული Sputnik-ის დახურვითა და იქ მომუშავე „ФСБ-ს ორი აგენტის“ დაკავებით. ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
