ოპოზიციას აქვს ისეთი ვითარება, რომ მოწინააღმდეგე ბრძოლას წესების გარეშე გიმართავს, ამ დროს ერთიანი უნდა იყო ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ოპოზიციას დაქსაქსვის რესურსი არ აქვს , – ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ თანათავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციაში ყველა უნდა შეთანხმდეს და ერთ პოზიციაზე უნდა დადგეს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება ცვლილებების სწრაფად განხორციელება.
„თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ [თვითმმართველობის] არჩევნებს ხაფანგის ფუნქცია ჰქონდა. ვხედავდი საფრთხეს და ამიტომ ვაკრიტიკებდი და ვამბობდი, რომ ეს ოპოზიციურ ფლანგს შიგნიდან დააზიანებდა, რაც მოხდა კიდეც. ახლა საჭიროა დისკუსიების სწრაფად შიგნით გადმოტანა და დაპირისპირებების შეწყვეტა.
ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ ელენემ [ხოშტარია] , გედიმ [ფოფხაძე] და სხვა აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს და აჩვენეს, რომ ისინი ერთად დგანან. ეს თქვა სწორედ სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ახლა არის ერთიანობის დრო. აღარ დავიწყებ არცერთი პოზიციის კრიტიკას, მე ჩემი აზრი ნათქვამი მაქვს.
ბრძოლაში თუ მიდიხარ, ეს თვითმმართველობის არჩევნებია თუ სხვა რამე, როცა ოპოზიციას აქვს ისეთი ვითარება, რომ მოწინააღმდეგე ბრძოლა წესების გარეშეს გიმართავს, ამ დროს ერთიანი უნდა იყო ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. ოპოზიციას დაქსაქსვის რესურსი არ აქვს. ახლა რადგან ეს მოცემულობაა, ყველა უნდა შეთანხმდეს და ერთ პოზიციაზე უნდა დადგეს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება ცვლილებების სწრაფად განხორციელება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ახლა კანონებს ამკაცრებს, რადგან ეს სჭირდება ავტორიტარულ რეჟიმს.
„რაც ხდება კანონების გამკაცრების და კონსტიტუციურობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენ ვხედავთ იმას, ავტორიტარულ რეჟიმს სჭირდება სასტიკი კანონები. მე ეს მაგონებს წინა რეჟიმს, როდესაც კანონების გამკაცრებით ხდებოდა ადამიანების დასჯა და დაშინება. ეს ხომ ის მძიმე წარსულია, საიდანაც გამოვედით და „ოცნება“ ხომ თავს იწონებდა და ამბობდა, რომ არ ემსგავსება წინა რეჟიმს? არაფერი არ აკავებს „ოცნებას“ და რომ მიუშვა შეიძლება, ახალი კანონპროექტი შემოიტანონ: „როგორ დავხვრიტოთ მოქალაქეები, რომლებიც აქციაზე დადიან“ და შემოიღონ სასჯელის ზომად ადამიანების სიკვდილით დასჯა. ისეთი ტემპით ხდება კონსტიტუციის გადაბიჯება, რომ ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
