ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხზარაძე ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შესვლას დაიწყებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ასევე, ისაუბრა როგორი იყო წლის პირველი 6 თვე ICR ჯგუფისთვის.
„ICR ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
– წლის პირველი ნახევარი რთული იყო; მესამე და მეოთხე კვარტალი კიდევ უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, შემოდგომაზე ქვეყანა დაიწყებს [ეკონომიკურ] კრიზისში შესვლას. ვნახე გარკვეული რიცხვები, რომ რიტეილ სექტორში ვიღაცებს პრობლემები არ აქვთ, მაგრამ გააჩნია, რა ტიპის რიტეილზე ვსაუბრობთ…
– როგორც ვიცი, ICR ჯგუფის მაღაზიებში მომხმარებლის სტატისტიკას აღრიცხავთ, რა სიტუაციაა?
– გვაქვს კლება [წლის პირველ ნახევარში], რასაც მაქსიმალურად ვამცირებთ დამატებითი ფასდაკლებების ხარჯზე, მაგრამ ვხვდებით, რომ ეს პროცესი უფრო სიღრმისეულად წავა და პროლემები იქნება – როგორი არ ვიცით, მაგრამ ახალ ინვესტიციებს არ ვაკეთებთ…
– არც აუცილებელ ინვესტიციებს არ ახორციელებთ?
– აუცილებელი ინვესტიციებს ვერ გავექცეოდით, მაგრამ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ, რადგან გვინდა, მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ – თუ კრიზისი დაიწყება, არ ვიცით, რა ხანგრძლივობის იქნება და უნდა გავუძლოთ მაქსიმალურად… ისრაელის და ირანის კონფლიქტი 12 დღეში ამოიწურა; ცვლილებები ძალიან მალე შეიძლება მოხდეს – როგორც ცუდი, ისე კარგი. ადამიანი ყოველთვის იმედით ცოცხლობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სანამდე გაუძლებენ ამ სიტუაციას… ვთვლი, რომ ადრე თუ გვიან, დაგროვილი პროტესტი ამოიფრქვევა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება – უმართავი პროცესი წავა, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. ამბობენ, რომ ბელარუსიზაცია მოხდება საქართველოში, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველო ბელარუსი არასდროს გახდება, უბრალოდ, საზოგადოება გვიან იღვიძებს და როცა ყველას მიუკაკუნებს პრობლემა საკუთარ კარზე – ტაფაზე დასადები საკვები რომ პრობლემა გახდება – ალბათ მერე გამოფხიზლდებიან; სამწუხაროდ, საქმე სანამ აქამდე არ მივა, ადამიანები დამკვირვებლის პოზაში რჩებიან, თითქოს რაც [ქვეყანაში ხდება], მათ არ ეხებათ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ როცა უსამართლობას ეხება საქმე, ერთის პრობლემა ყველას პრობლემაა და რეაგირება ყველაფერზე უნდა გავაკეთოთ – არ აქვს მნიშვნელობა ის უცხოა, ნაცნობია თუ ოჯახის წევრია. თუ ამას მივეჩვევით, ბევრად სწრაფად წავალთ წინ.
– წერტილი რას უნდა დავუსვათ საქართველოში?
– წერტილი უნდა დავუსვათ სიჩუმეს.
