„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა უცხოელი ელჩების გაძევებას არ გამორიცხავს.
ამ კონტექსტში მან ისაუბრა ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩებზე.
„ელჩები გახდნენ რადიკალები. მათ შორის ბრიტანეთის. თქვენ ნახეთ, წინასაარჩევნო მონიტორინგს უფინანსებდა რადიკალებს. ან დანარჩენები რომ არიან. მე ვიკითხე კიდეც, ხოშტარიამ და გედიმ კი შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ ის ხომ არ ჩაენაცვლა-მეთქი — გერმანიის ელჩი, ფიშერი? ჩვეულებრივი რადიკალი გახდა, ტიპი არის რადიკალი. ასეთ მოცემულობაში, რა ვიცი, შეიძლება, დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ეს ელჩი იქნას გაძევებული“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღია კონფრონტაციაში არიან ევროკავშირის, გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებთან საქართველოში, რადგან ეს ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლისთვის აკრიტიკებენ.
„ის ელჩები, ვინც მავნებლობენ, ვინც ენაცვლებიან ამ რადიკალებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მე მგონია, რომ უნდა გავაძევოთ“, — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
