პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო ცვლილებების, რომლითაც ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაცია და იმპორტი, ასევე ჩანაცვლებითი მკურნალობა, მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლება

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საბითუმო რეალიზაცია და იმპორტი, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის პრეროგატივა იქნება.
საკანონმდებლო პაკეტის სამივე მოსმენით განხილვა და მიღება მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომების ფარგლებშია დაგეგმილი.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის უფლება მხოლოდ იმ იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მართვაში მყოფი სუბიექტის მიერ.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, საჭიროების შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება სხვა იურიდიულ პირს მიანიჭოს.
რაც შეეხება ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებას, ამის უფლებამოსილებაც მხოლოდ სახელმწიფოს ექნება.
ინიცირებული პროექტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზატორებმა 2026 წლის 1-ელი მარტისთვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებული მარაგების სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სუბიექტისთვის სასყიდლით გადაცემა უნდა უზრუნველყონ.
ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს დაევალებათ განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2026 წლის 1-ელ მარტამდე დაწყებული და მიმდინარე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
ამავე პროექტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული/სახელმწიფოს მართვაში მყოფი იურიდიული პირის მიერ 2029 წლის 1-ელ იანვრამდე შესაბამისი ნებართვის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ