ლატვია ASCOD-ის ტიპის 42 ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეიძენს, რისთვისაც 387 მილიონ ევროს გადაიხდის, – ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა აივარს პურინშმა და ესპანური კომპანია GDELS-Santa Bárbara Sistemas-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო პეიჯ ერნანდესმა ხელი მოაწერეს ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის ახალი ტექნიკის მიწოდების ხელშეკრულებას.
კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ლატვიური ინდუსტრიის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას შეკვეთის შესრულებაში.
„ქვეითი საბრძოლო მანქანების დამატებითი შეძენა არა მხოლოდ ნატო-ს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, არამედ მნიშვნელოვნად დააჩქარებს მექანიზებული ქვეითი ბრიგადის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მოკლე დროში კიდევ ერთი ბატალიონი გადავაიარაღოთ“, – აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა.
კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიაზე, უახლესი თაობის ავტომობილებს ოფიციალური სახელი – HUNTER მიენიჭა. მათი ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდება 387 მილიონი ევრო დაჯდება.
ამ დამატებითი პარტიით ლატვია, საერთო ჯამში, 84 საბრძოლო მანქანას მიიღებს.
