საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, გასულ კვირას პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ლიდერი და მან თქვა რომ მას აქვს „ერთობით ქვეყნის პროდასავლურ კურსის გადარჩენის ერთადერთი ამბიცია“.
მთელი ოპოზიციური ფლანგი „ქართული ოცნებას“ „რუსულ რეჟიმად“ მოიხსენიებს. ამ აქციაზე ბევრი კრიტიკული მოსაზრება კი გამოითქვა, მაგრამ, მაინც გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება.
ბევრი თვლის, რომ 29 ივნისს გამართული აქცია იყო „ოპოზიციაში შეუთანხმებლობისა და სრული ქაოსიის დემონსტრაცია.“ ელენე ხოშტარიას განცხადებით, იგი შიმშილობას იმ პირობით შეწყვეტდა, „თუ ოპოზიციაში დასრულდება საუბარი მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თემაზე.“
ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციური სპექტრის ინიციატივით 29 ივნისს გამართულ აქციას? სავარაუდოდ, რა დაგვანახა ამ აქციამ?
– დავიწყოთ ცოტა შორიდან: დემოკრატიული ოპოზიცია, ან დემოკრატიული სპექტრი, თავისი არსითა და ბუნებით, არის განსხვავებული ძალების ერთობა, რომლებიც ერთად დგანან მხოლოდ საერთო მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ხშირად იდენტური იყო: ყველა – ერთის წინააღმდეგ, მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, იდეოლოგიის მქონე, თუ არ მქონე, პარტიებისა და პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ანუ – ოპოზიცია, ძალაუფლების მქონე სუბიექტის წინააღმდეგ.
ოპერირების ეს მოდუსი ჩვენ გვხვდება არამარტო საქართველოში, არამედ – თითქმის ყველგან, სადაც ხელისუფლება ავტორიტარულ მმართველობას ცდილობს. უფრო მეტიც, სოციალური ქსელების პირობებში ბინარული დაყოფა ჩემიანი – მტრის წინააღმდეგ ფეხს იკიდებს საქართველოზე გაცილებით დიდი ხნის ისტორიის მქონე ინსტიტუციურ დემოკრატიებში, მაგრამ დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნებში.
როგორც წესი, ხერხდება ბინარული დაყოფის გადალახვა ერთი საარჩევნო ციკლის შემდეგ. საქართველოს შემთხვევაში ბინარულ სისტემას აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა – ოპოზიციური ელექტორატის სიღრმისეული არაერთგვაროვნება – სულ მცირე, ორი ძირითადი ჯგუფის არსებობა, რომლებისთვის წითელი ხაზი გადის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე.
ამ ორი ძირითადი ჯგუფის ხელოვნური გაერთიანება ელექტორალური შედეგის მექანიკურ გაერთიანებას არ ნიშნავს – რამდენი ხმაც შეიძლება მომატებოდა გაერთიანებას, ამდენივეს ის დაკარგავდა ამომრჩეველთა ნაწილისთვის პრინციპულად მიუღებელი გაერთიანების გამო.
ამიტომაც, ჯერ კიდევ ოქტომბერში, ოპოზიციის მხრიდან ყველაზე დამაიმედებელი სტრატეგია იქნებოდა ორ დიდ ბანაკად დაყოფა ოპოზიციური ელექტორატის სრულად დასაფარად. სალომე ზურაბიშვილმა სცადა ამ პროცესის მედიაცია და „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ პარტიების გაერთიანების ხელშეწყობა, თუმცა ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდა და ოპოზიცია ორი დიდი ბანაკის ნაცვლად არჩევნებზე 4 პარტიად დაყოფილი გავიდა.
„ოცნებით“ უკმაყოფილება არსად წასულა – პირიქით, პროტესტის სადამსჯელო დაშლების, საჯარო სამსახურში ტოტალური წმენდებისა და ანტიდასავლური განცხადებების ფონზე უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი მხოლოდ მატულობს. აქციის მიზანიც ამის ჩვენება იყო: წინააღმდეგობა არის და არსად წასულა, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად
რთული სათქმელია, შეცვლიდა თუ არა 2 ბანაკად გასვლა არჩევნების შედეგებს მასშტაბური დარღვევების ფონზე, რაზედაც ეუთო/ოდირის, IRI-სა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები მიუთითებს, მაგრამ – დღევანდელი გადმოსახედიდან – ეს სტრატეგია შეიძლება უფრო წარმატებული ყოფილიყო.
ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი რჩება ოპოზიციური ფლანგის ერთიანობის თითქოს ბუნებრივ არჩევანად, მაგრამ ოპოზიციური სპექტრის დაყოფა აქაც მკვეთრად ჩანს.
იგივე გამოჩნდა 29 ივნისის აქციაზეც, თუმცა თავად ეს აქცია უფრო დადაებითი მოვლენა იყო, რომელმაც ნათლად აჩვენა საზოგადოების დამოკიდებულება – შეიძლება ყოველდღიურ აქციებზე ადამიანებს გამოსვლა უჭირთ, რაც არცაა გასაკვირი პროტესტის მარათონული ბუნებიდან გამომდინარე.
მაგრამ „ოცნებით“ უკმაყოფილება არსად წასულა – პირიქით, პროტესტის სადამსჯელო დაშლების, საჯარო სამსახურში ტოტალური წმენდებისა და ანტიდასავლური განცხადებების ფონზე უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი მხოლოდ მატულობს. აქციის მიზანიც ამის ჩვენება იყო: წინააღმდეგობა არის და არსად წასულა, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად.
– 2024 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიებში არჩევნებში მონაწილეობა- არმონაწილოების თემაზე შეთანხმების მიღწევა გაართულა იმან, რომ ბარიერგადალახული პარტიების ლიდერები უკვე ციხეში ზიან.
მეოთხე ბარიერგადალახული პარტიის ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც მისი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოთ აკეთებდა განცხადბებს, ახლა ვიზიტად ევროპაშია, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული ისიც ციხეში იქნას გამწესებული.
„ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციურ სპექტრს „კოლექტიურ ნაცებს“ ეძახის, თან ამზადებს საფუძველს, რომ ეს პარტია კანონით იქნას აკრძალული. მმართველი პარტია ამბობს, რომ საპარლამენტო კომისია ამის საფუძვლებს საზოგადოებას წარუდგენს.
ეს რომ ასე იქნება, კარგა ხანია ცხადადაც კი ჩანს. ვითარებაში, როცა ქუჩის საპროტესტო აქციები პოლიტიკური პარტიების ლიდერების გარეშე მიმდინარეობდა, დღეისთვის ციხეში მყოფი ლიდერები პოლიტიკურ ამინდს საპროტესტო მოძრაობაში არ ქმნიდნენ, გაუგებარი იყო მათი იმ მოტივით დაკავება, რა მოტივითაც ისინი არიან დაკავებული.
თქვენი აზრით, უნდოდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ოცნებას“ არჩევნებიდან „ლელოს“ ლიდერებისა და ასევე გახარიას თბილისის არჩევნებიდან გამოთიშვა უნდოდა?
– „ქართული ოცნება“ მეთოდურად იშორებს დისკომფორტის ყველა წყაროს და გადადის ავტორიტარული მმართველობის რეჟიმზე, რომელიც დამახასიათებელია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებისთვის. ასეთი ტიპის ავტორიტარიზმი, რომელიც ადრეულ რუსულ ვერსიაზეც კი უარესია, ოპოზიციის არსებობასა თუ არარსებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: ხელისუფალი, დესპოტი, არ უშვებს საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის არანაირ მექანიზმს.
„ქართული ოცნება“ მეთოდურად იშორებს დისკომფორტის ყველა წყაროს და გადადის ავტორიტარული მმართველობის რეჟიმზე, რომელიც დამახასიათებელია ცენტრალური აზიის რესპუბლიკებისთვის
მისი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლება და კონტროლია – ასეთ პირობებში ფორმალურად, ქაღალდზე არსებული ოპოზიცია უსუსური და უნიათოა, ის ასრულებს ლეღვის ფოთლის ფუნქციას და მხოლოდ ხელოვნური პრესტიჟისა და ანტურაჟისთვის არსებობს. სხვათა შორის, „ოპოზიციური“ პარტიები ჩრდილოეთ კორეაშიც არსებობენ, მაგრამ მათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ და სხვა პარტიების მსგავსად ადიდებენ დესპოტს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზა აირჩია – პარტიების აკრძალვის იდეით, სამოქალაქო საზოგადოების გაგუდვითა და, ბოლოს, უნივერსიტეტებისა და თავისუფალი პრესის დამორჩილებით.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ მიიღებენ, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. რეჟიმი ეცდება ხელოვნური ოპოზიციის შექმნას, რომელიც ლეღვის ფოთლის როლს წარმატებით შეასრულებს.
მთავარი კითხვა აქ არის რა უნდა ქართულ საზოგადოებას – გვინდა, თუ არა, ცენტრალური აზიის მაგვარ დესპოტიაში ვიცხოვროთ და ერთ ადამიანს გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი? მე მგონია, რომ ასეთი დესპოტია სრულიად უცხოა ქართველი ადამიანისთვის – პირიქით, შეიძლება რეჟიმმა პროპაგანდისა და ტყუილის მეშვეობით გაიხანგრძლივოს არსებობა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოში დესპოტია არამდგრადი, ხელოვნური და უკიდურესად მოწყვლადი იქნება.
დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ მიიღებენ, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. რეჟიმი ეცდება ხელოვნური ოპოზიციის შექმნას, რომელიც ლეღვის ფოთლის როლს წარმატებით შეასრულებს
პრინციპში, ამას საბჭოთა პერიოდშიც ვხედავდით, როდესაც სტალინის, ხრუშჩოვისა და ანდროპოვის პირობებშიც კი საბჭოთა რეპრესიულ ორგანოებს საქართველოს გატეხვა ბოლომდე ვერ გამოუვიდათ.
– ვითარებაში, როცა, დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციის არჩევნებში მონაწილოების მომხრეა, მეორე ნაწილისთვის „ძალიან ბუნდოვანია რა შეიძლება მოიტანოს არჩევნებში არ მონაწილეობამ“, თან ისე, რომ მასში ოპოზიციიდან მონაწილება არავინ მიიღოს, ახლა მართლაც ყველაზე აქტუალურია არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობის თემა.
ორივე მოსაზრების სასარგებდოლ არსებობს ობიექტურად საგულისხმო, საინტერესო და ასევე დამაფიქრებელი არგუმენტები.
თუმცა, ვითარებაში რომელშიც ვართ, იგულისხმება ბევრი თვალსაზრისით გაუარესებული საარჩევნო კანონმდებლობა, როცა არჩევნებზე დაკვირვებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია, დამკვირვებელთა ნაწილი ხელისუფლებას ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დაკანონების მცდელობაშიც კი ადანაშაულებენ, ასეთ ვითარებაში თავისუფალ არჩევნებზე საუბარი, დიდი გაუგებრობადაც კი გამოიყურება.
მაგრამ, მოდით განვიხილოთ ორივე ვარიანტი – თუ ოპოზიციამ მიიღო მონაწილეობა და თუ არ მიიღო? ასეთ შემთხვევაში რა სურათს მივიღებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორებისთვის?
– საქართველოს პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან და ხვდებიან, რის გაკეთებას ცდილობს „ქართული ოცნება.“ მიღებასა თუ არ მიღებას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს – ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ფონზე, „ქართული ოცნების“ იმიჯი დასავლეთში მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ამით ავტომატურად ზიანდება საქართველოს იმიჯიც. მაშინ, როდესაც სომხეთი ახერხებს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტენსიფიცირებას, საქართველო რუსეთთან პირისპირ რჩება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებს, თუ არ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებში – ორივე გადაწყვეტილებას აქვს დადებითი, და უარყოფითი შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ერთიანი ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება.
საქართველოს პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან და ხვდებიან, რის გაკეთებას ცდილობს „ქართული ოცნება“
ოპოზიციის მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულ რისკებთან ერთად, მაინც იძლევა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ გამოჩნდეს საარჩევნო პროცესის დარღვევები, მანიპულაციები და ის წარმოუდგენელი ზეწოლა, რასაც ხელისუფლება მიმართავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიცია მიიღებს შანსს, რომ კიდევ ერთხელ ცხადად დაანახოს დასავლელ პარტნიორებს, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, ის დემოკრატიული პრინციპების ერთგული რჩება და ბოლომდე ცდილობს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას. ეს, თავის მხრივ, ზრდის ოპოზიციის საერთაშორისო ლეგიტიმაციას და არწმუნებს დასავლეთს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერას.
მეორე მხრივ, თუ ოპოზიცია ერთიანად იტყვის უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს იქნება მკაფიო და ძლიერი გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლური პარტნიორებისათვის, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში სრულად და საბოლოოდ აღარ არსებობს ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, თუმცა, ამასთან ერთად, დიდია რისკი იმისა, რომ ოპოზიციამ სრულად დათმოს ყველა გავლენის ბერკეტები ქვეყნის შიგნით და დარჩეს ფინანსური რესურსის გარეშე.
არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიცია მიიღებს შანსს, რომ კიდევ ერთხელ ცხადად დაანახოს დასავლელ პარტნიორებს, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, ის დემოკრატიული პრინციპების ერთგული რჩება და ბოლომდე ცდილობს საარჩევნო პროცესში მონაწილეობას
არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლიუსები და მინუსები – მაგრამ ორივე განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება.
– პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა – „საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, ევროპის მასშტაბში დემოკრატიის კუთხით არის ლიდერი და მოწინავე ქვეყანა“.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, დაახლოებით რა რეაქცია ექნებათ ევროპაში საქართველოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ევროპელ პარტნიორებს.
მათში, რა თქმა უნდა, უნგრეთის პრემიერ ორბანს არ ვგულისხმობ. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერმა ორბანმა უკრაინა-ევროკავშირს შორის ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა. ადრე ის ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გადაწყვეტილებას ბლოკავდა. სულ ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ორბანი ევროკავშირში საქართველოს ლობისტი იყო.
თქვენთვის რას ნიშნავს ევროკავშირში ორბანის ლობირება და რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ევროკავშირში მისი ლობირება?
– პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით ევროპის მასშტაბით ლიდერია, აშკარად აცდენილია რეალობას და არ ემთხვევა იმ შეფასებებს, რაც ევროპელ პარტნიორებს აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ეს განცხადება არის რეალობის უარყოფა და პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სერიოზულ დისკრედიტაციას იწვევს საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროპაში ბევრს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მაგალითად მოჰყავს და ასეთი ხმამაღალი განცხადებები მხოლოდ ამ კრიტიკას ამყარებს – უფრო მეტიც, ქმნის შთაბეჭდილებას რომ საქართველო გადაიქცა ჩრდილოეთ კორეად, სადაც რეჟიმმა შეიძლება ყველანაირი სიგიჟე გააჟღეროს და ხალხიც, თითქოს, დაიჯერებს.
რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ საქართველოს ლობირებას ევროკავშირში, საქართველოსთვის ეს უფრო პრობლემაა, ვიდრე სარგებელი. ორბანი დღეს ევროკავშირში იზოლირებული პოლიტიკოსია, რომელიც სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სხვა პრობლემებს ქმნის. მისი საერთაშორისო რეპუტაცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მას სერიოზულად ევროპაში ცოტა თუ აღიქვამს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით ევროპის მასშტაბით ლიდერია, აშკარად აცდენილია რეალობას და არ ემთხვევა იმ შეფასებებს, რაც ევროპელ პარტნიორებს აქვთ საქართველოსთან მიმართებით. ეს განცხადება არის რეალობის უარყოფა და პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სერიოზულ დისკრედიტაციას იწვევს საერთაშორისო პარტნიორებთან
შესაბამისად, როდესაც „ქართული ოცნება“ ორბანის ლობირებაზე საუბრობს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ეს პრობლემაა: საქართველო ვერ მიიღებს სტრატეგიულ მხარდაჭერას ევროპის დემოკრატიული ბირთვისგან (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, და სხვ.) და შეიძლება ორბანის ჯგუფთან ასოცირების გამო უფრო მეტად მოექცეს კრიტიკის ქვეშ. ასეთ პარტნიორობაზე დაყრდნობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს არ უწყობს – პირიქით, გვაშორებს ევროკავშირისგან.
– წინა კვირას დაიწყო და ამ კვირას გაგრძელდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლის მხარდაჭერის სასარგებლოდ.
ასეთი ფორმით საგარეო უწყებაში დაწყებულ „ოპტიმიზაცია“ მოსალოდნელი იყო, რადგან, კარგა ხანია ეს პროცესი დაწყებულია იმ საჯარო უწყებებში, სადაც დასაქმებულებმა ასევე ხელი მოაწერეს ქვეყნის დასავლური კურსის შენარჩუნების სასარგებლოდ.
ქართულ საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა პლატფორმებზე გახშირდა სხვადასხვა პირების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ „საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს“, ევროკავშირს ეკონომიკური პრობლემები აქვს“. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში გვარწმუნებენ, რომ „მალე ევროკავშირი დაიშლება“.
ცოტა ხნის წინ პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლებმა რუსეთში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.
რუსეთის მოსახლეობას ეკონომიკის ურთულეს მდგომარეობაზე რომ არ ეფიქრა, შიდა მოხმარებისთვის პუტინმა განაცხადა – „სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, ის მიწა ჩვენია და რუსეთია“. ამ განცხადებამ მსოფლიოში ბევრი აღაშფოთა. როგორც გაირკვა, ბევრი ნამდვილად, მაგრამ, არა ქართველი პატრიოტები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ქართულ იდენტობას, მართლმადიდებლობას იცავენ.
ის, რაზეც ახლა ვისაუბრე და კონკრეტული მაგალითები მოვიყვანე, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც საჯაროდ ქვეყნის დასავლური კურსის მხარდაჭერას გამოხატავდნენ, ნათლად გვაჩვენებს რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი სისტემურ „წმენდას“ აწარმოებს. მსგავსი პროცესები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ხდება – ეს ტენდენცია უკვე დიდი ხანია დაიწყო სხვადასხვა საჯარო უწყებებში, სადაც პროფესიონალები, ქვეყნის კონსტიტუციისა და ევროპული მომავლის ერთგული ადამიანები, რეჟიმის მიზანმიმართულ პოლიტიკურ ზეწოლას ეწირებიან.
აშკარაა, რომ ერთგულება ხელისუფლებისადმი, განსაკუთრებით კი იმ ნარატივისადმი, რომელიც ქვეყნის პროევროპულ კურსს უპირისპირდება, ამ ეტაპზე პროფესიონალიზმზე და საქართველოს სიყვარულზე მეტად ფასობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც საჯაროდ ქვეყნის დასავლური კურსის მხარდაჭერას გამოხატავდნენ, ნათლად გვაჩვენებს რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი სისტემურ „წმენდას“ აწარმოებს. მსგავსი პროცესები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ხდება – ეს ტენდენცია უკვე დიდი ხანია დაიწყო სხვადასხვა საჯარო უწყებებში
პარალელურად, საინფორმაციო სივრცეში გაძლიერდა კამპანია, რომელიც ევროკავშირის დისკრედიტაციას ცდილობს, ხშირად წარმოუდგენელი რუსული ზღაპრების დონის გზავნილებით, თითქოს ევროკავშირს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ემუქრება ან სულ მალე დაიშლება.
ეს ნარატივი ზუსტად ემთხვევა კრემლის სტრატეგიას, რომლის მიზანიც ევროპული სივრცის დანგრევა და საკუთარი გავლენის გაფართოებაა. რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე კრიტიკულად საუბრობენ თავად რუსი ეკონომისტები, მაგრამ პუტინი ისევ ცდილობს სამხედრო ექსპანსიით და აგრესიული განცხადებებით საკუთარი ძალაუფლების გამყარებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
