“ქართული ოცნების” მთავრობა წლებია საუბრობს რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ კუთხით მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაც აქვს, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები, ამ კუთხით გამოწვევებზე საუბრობენ.
ბიუროკრატიულ პროცესებთან გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში წიაღის სექტორშიც უწევთ. Colliers Georgia-ს მაინინგ ენდ მინერალსის მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი გვიხსნის, რომ ლიცენზიების გაცემის პროცესში სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია არც თუ ისე მარტივია. მისი თქმით, პროცესები ხშირად დადგენილ ვადებში ვერ ესწრება, რაც დაგეგმილ ბიზნესოპერაციებს ხელს უშლის. ბიზნესს უწევს გეგმების შეცვლა, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
“ერთი მხრივ ადმინისტრაციულ ბარიერებს საიმიჯო ხასიათი აქვს, რომ საინვესტიციოდ იყო შენ მიმზიდველი და ეს იყოს სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმები; მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის გაჭიანურებულ პროცესებს პირდაპირი და უშუალო ზიანი მოაქვს, მაგალითად, როდესაც მე ვგეგმავ საქმიანობის დაწყებას ორი თვის ვადაში, როდესაც მე უნდა მივიღო საჭირო ნებართვა თუ შეთანხმება და ამას ვერ ვიღებ, ბუნებრივია, ეს არის ჩემთვის, ბიზნესისთვის მიუღებელი შემოსავალი და ამას ჩემი ბიზნესის ეკონომიკის დანგრევა მთლიანად შეუძლია, რადგან თუ არ მექნება სათანადო ნებართვა, ლიცენზია, ეს ჩემთვის არ არის პანაცია, ეს ჩემთვის არის აუცილებელი საჭიროება. შესაბამისად, პირდაპირ მიბმული ვარ და ჩემი ბიზნესის წარმატებაც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება საჭირო ნებართვის, ლიცენზიის თუ სხვადასხვა თანხმობის ქონას, ასე რომ, რა თქმა უნდა, ხარჯებსაც ზრდის და იმავდროულად მიუღებელი შემოსავლის მომტანია”, – ამბობს Colliers Georgia-ს მაინინგ ენდ მინერალსის მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშაოს და კონკრეტულ პროცესებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი უწყება იყოს, რადგან სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია ბიზნესისთვის დაგეგმილ ოპერაციებს დროში აჭიანურებს.
“წიაღის ინდუსტრიისთვის გამართულ და დროში შეზღუდულ ადმინისტრაციულ პროცესებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ეს სექტორი პირდაპირ და უწყვეტ კომუნიკაციაში არის სახელმწიფო ორგანოებთან, რადგან ეს არის რეგულირებადი საქმიანობა. შენ გიწევს ლიცენზიის მისაღებად სახელმწიფოსთან ურთიერთობა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ინტერაქცია, შემდეგ უკვე საოპერაციო ეტაპზე გეგმების შეთანხმება, საქმიანობის პარამეტრების შეთანხმება და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სახელმწიფო უწყებებმა ის ინტეგრირებული მიდგომები გამოიყენონ, რაც ბიზნესისთვის, ჩართულ მხარეებთან ურთიერთობას გაამარტივებს, იქნება ერთი სარკმლის მიდგომა და არ მოუწევს კერძო სექტორს ინტერაქცია სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან, არამედ იქნება ერთი პასუხისმგებელი ორგანო, რომელიც მთელს ამ პროცესებს დააკოორდინირებს. მიმართვიანობა მაღალია და მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირი სახელმწიფოს მხრიდან ასევე დროში შეზღუდული და მოქნილი იყოს”, – აცხადებს Colliers Georgia-ს მაინინგ ენდ მინერალსის მმართველი პარტნიორი მაია ზავრაშვილი.
