ევროკომისიამ დაასრულა უკრაინასთან მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების გადახედვაზე. ვაჭრობის ლიბერალიზაციის ცვლილებებზე პრინციპული შეთანხმება აღნიშნავს ახალ ეტაპს გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და ორმხრივი ჩარჩოს შექმნაში, რაც უკრაინის გაწევრიანების პროცესის ნაწილია. სავაჭრო შეთანხმების ეს გადახედვა უკრაინას ეხმარება ევროპის ერთიან ბაზარზე საბოლოო ინტეგრაციაში.
დამტკიცების შემდეგ, შეცვლილი DCFTA ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება გრძელვადიანი ეკონომიკური სიმყარისა და სტაბილური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ დოკუმენტის შეცვლილი ვერსია 30 ივნისს პრინციპულად შეთანხმდა, რაც იყო უკრაინისა და ევროკომისიის წარმომადგენლების გასული შაბათკვირის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი:
“ამ განახლებული შეთანხმებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინიდან ევროპისა და გლობალური ბაზრებისკენ სავაჭრო ნაკადებს. ჩვენს ასევე ვაგებთ მედეგობისა და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს რუსეთის უსაფუძვლო აგრესიის ომის წილ. ამავდროულად, ვაგრძელებთ ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას. უკრაინის ადგილი ჩვენს ოჯახშია. ვრჩებით ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობის გზის ერთგულები, რასაც მივყავართ ჩვენს კავშირში [უკრაინის] სრულფასოვან წევრობამდე“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლეიენმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
2022 წლის შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ეფუძნებოდა „ვაჭრობის ავტონომიურ ზომებს“ (ATMs) – დროებით ჩარჩო-შეთანხმებას, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ დაიდო და რომლის საფუძველზეც გაუქმდა ყველა სატარიფო კვოტა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ევროკავშირში. აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ვადა მიმდინარე თვის დასაწყისეში ამოიწურა. ახალი შეთანხმება უფრო დაბალანსებულია ორმხრივი ინტერესების შეჯერების კუთხით და უკრაინის პრობლემების გარდა, ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორების საჭიროებებსაც ითვალისწინებს.
მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ მოიძიებენ უკრაინელი ექსპორტიორების მიერ მესამე ქვეყნების ტრადიციულ ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობებს.
მომდევნო დღეებში შეთანხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ევროპარლამენტი. განახლებული სავაჭრო შეთანხმების საბოლოოდ მხარდაჭერის მისაღწევად, განახლებული დოკუმენტი შესაბამის პროცედურებს გაივლის უკრაინაშიც. ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს წინადადება ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შემდეგ შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტი.
ფორუმი
