უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინაში დრონების ერთობლივი წარმოების განვითარებას ასახელებს. მისი განცხადებით, 30 ივნისს სამხედრო და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო “ყველაფერი, რაც უკავშირდება შეკვეთებს, კონტრაქტებს და ჩვენი წარმოების შესაძლებლობების სრულად გამოყენება”.
“დაველაპარაკები პარტნიორებს უკრაინის შეიარაღებაში ახალი ინვესტიციების ჩადებაზე. პრიორიტეტულია დრონები, დრონების გადამტაცები და შორი მანძილის დრონები.
მადლიერი ვარ უკრაინული დრონების ყველა მწარმოებლის – თითოეული დეველოპერის, ყველასი, ვინც ცდილობს გადამტაცების მიმართულების განვითარებას. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.
რუსეთი ახორციელებს ინვესტირებას უპილოტო ტექნიკაში, რუსეთი გეგმავს ჩვენს ქვეყანაზე დრონებით დარტყმების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ჩვენი ბრძოლისთვის ვემზადებით” – განაცხადა ზელენსკიმ 30 ივნისის ვიდეომიმართვაში.
ორშაბათსვე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა უკრაინაში ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და გერმანიის თავდაცვითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს:
“ძალიან ვაფასებთ დახმარებას, რომელსაც გვიწევს გერმანია – განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის სფეროში და ჩვენი ქვეყნის საბიუჯეტო სტაბილურობის მხარდაჭერაში. გერმანია გლობალურ ლიდერებს შორის არის.
მნიშვნელოვანია წარმოების შექმნა აქ, უკრაინაში – თანამედროვე იარაღის ჩვენი ერთობლივი წარმოების. ერთ-ერთი მიზანია საჰაერო თავდაცვის სისტემების სისტემატური წარმოების დაწყება და ეს არის სტრატეგიული ამოცანა.
ახლა გვესმის ნამდვილად ძლიერი პოლიტიკური პოზიცია გერმანიისგან უკრაინის ნატოში წევრობაზე. ალიანსის თითქმის ყველა წევრის მსგავსად გერმანიაც უკრაინის ნატოსკენ სვლას შეუქცევადად აფასებს. ასეა თუ ისე, ჩვენ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ ევროპაში უსაფრთხოება ძლიერი და რეალურად ეფექტიანი უსაფრთხოების არქიტექტურით – ისეთით, რომელიც ევროპას უზრუნველყოფს ევროპის სანდო დაცვით ნებისმიერ სცენარში”.
ევროპისთვის უპირველეს საფრთხედ ევროპისთვის ზელენსკი რუსეთსა და მის გეგმებს ასახელებს:
“რუსეთი არ ცვლის თავის გეგმებს და არ ეძებს ამ ომისგან გამოსავალ გზას. პირიქით, ისინი ემზადებიან ახალი ოპერაციებისთვის, ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზეც.
მათი პრინციპი ასეთია: რუსები ეძებენ, სად გაუვათ. მათ უნდა დაინახონ, რომ ყველგან რაღაცით შეაჩერებენ. შესაბამისად, მეტი ერთობლივი წარმოება ჩვენთან, მეტი მედეგობა, მეტი კოორდინაცია და ჩვენი საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის ეფექტიანობა”.
ზელენსკის თვლის, რომ ზეწოლის გაძლიერება და სანქციების “სინქრონიზაცია” აუცილებელია რუსეთის შესაჩერებლად:
“გავაგრძელებთ აგრეთვე მუშაობას პარტნიორებთან სანქციების თაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუტინმა უკვე პრაქტიკულად მოიპარა დიპლომატიის ნახევარი წელი – ნახევარი წელი დაემატა ამ ომის სრულ ხანგრძლივობას. ზეწოლა აუცილებელია. ახალ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. მადლობას ვუხდი ყველას აშშ-ში, ყველას ევროპაში და დიდი შვიდეულის ქვეყნებში. იქნება გადაწყვეტილებები ყველა სანქციის სინქრონიზაციაზე – უკრაინული სანქციებისა სხვა იურისდიქციებისა და პარტნიორების სანქციებთან. საჭიროა სათანადო ტემპი. დღეს სპეციფიკური ამოცანები განისაზღვრა სანქციების დღის წესრიგზე”.
30 ივნისს უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადერფული, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის მთლიანად დაპყრობა უნდა და ამით მთელი ევროპის დაშინება.
30 ივნისიდან კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა ევროკავშირის მიერ რუსეთს წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.
ფორუმი
