Tesla შანხაიში ბატარეების გიგაქარხანას აშენებს – Reuters

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ მიწა შეიძინა შანხაიში ახალი პროექტისთვის. კომპანიას გიგაქარხნის აშენება სურს, რომელიც თავდაპირველად 10 000 ბატარეა Megapack-ს აწარმოებს წელიწადში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ქარხნის მშენებლობა 2024 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილია, ხოლო თავად წარმოება მეოთხე კვარტალში დაიწყება.
ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Tesla-მ 222,42 მილიონი იუანი (31,13 მილიონი დოლარი) გადაიხადა 19,7 ჰექტარი ფართობის სარგებლობის უფლებისთვის. მიწა Tesla-ს არსებულ ქარხანასთან მდებარეობს, რომელიც Model 3 და Model Y მანქანებს აწარმოებს.
Tesla-მ აპრილში განაცხადა, რომ მშენებლობას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყებდა, წარმოება კი მომავალი წლის მეორე კვარტალში იყო მოსალოდნელი.
ბოლო წლებში ჩინეთი Tesla-ს მთავარი წარმოების ცენტრი გახდა. 2022 წელს შანხაის ქარხანამ 710 000-ზე მეტი მანქანა გამოუშვა, რაც კომპანიის გლობალური წარმოების დაახლოებით 52%-ია. მაგრამ სამომხმარებლო მოთხოვნა ჩინეთში, მანქანებისა და ელექტრომობილების მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ეკონომიკური ზრდის შენელებით დაზარალდა.