სააპელაციოს უარის მიუხედავად, არასამთავრობოები ანტიკორუფციულს არ გადასცემენ ინფორმაციას

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ანტიკორუფციული ბიუროდან ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციის გადაცემაზე სასამართლოს განჩინება მიიღეს, აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს უარის მიუხედავად, არ აპირებენ „ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს“. ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„არავის მივცემთ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენს საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობებით, შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ჩვენ მათ დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
18 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:
· „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია. მისი აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური;
· „საფარი“ – ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი, რომლის დირექტორია ბაია პატარაია;
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ – ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის გლობალურ ქსელში ცვლილებების შემდეგ, 2024 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ქეთი ხუციშვილი;
· „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) – ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და ყოფილ დიპლომატებს. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მასპინძლობს თბილისში ცნობილ საერთაშორისო კონფერენციას, „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“, რომელსაც 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებიც ესწრებოდნენ. EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორია ნინო ევგენიძე;
· „საქართველოს მომავლის აკადემია“ – 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს; ამჟამად ატარებს ლექციების სერიებს „ფენიქსის ორდენის“ სახელით. აღმასრულებელი დირექტორია მარი კაპანაძე, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი ალექსანდრე ზიბზიბაძე („ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი).
მოგვიანებით ამ ჩამონათვალს დაემატა:
· „მედიის განვითარების ფონდი“ – ორგანიზაცია 2008 წლის აპრილში დაფუძნდა. ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გამოვლენაზე, ამზადებს სტუდენტებს ინფორმაციის გადამოწმების ხელსაწყოებს;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ – დაარსდა 2012 წელს და ამ დროიდან მუშაობს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე.
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, – მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, – რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან. გარდა ამისა, „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:
· თანხების გაცემის გრაფიკს;
· მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას – ყველანაირი დეტალის მითითებით;
· მიღება-ჩაბარების აქტებს;
· ხელფასის უწყისებს;
· ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას – საქმიანობის აღწერას, მიზანს, განხორციელების თარიღს, ადგილს, დროს, ბენეფიციარებს, მონაწილე პირების მითითებით;
· მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
· დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
19 ივნისს მათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ფორუმი