ახლა თუ არ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, შეიძლება შემდეგ საფეხურზე ვერ ავიდეთ – წამზომი ჩართულია. არ გვაქვს უფლება [დრო] დავკარგოთ და განცხრომაში მივეცეთ, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე საუბრისას განაცხადა.
მან გადაცემაში 2023 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ უნდა გავაგრძელოთ რთული ბრძოლა იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესში, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.
„ეს წელი იყო ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის კანდიდი ქვეყანა გავხდით, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპამ გვაღიარა, როგორც მათი ნაწილი. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ შეიძლება თქვას, რომ ქართველმა ხალხმა გადადგა. ქართველმა ხალხმა მიაღწია იმას, რომ გავხდით კანდიდატი ქვეყანა.
წამზომი ჩართულია. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავკარგოთ [დრო] და მივეცეთ განცხრომაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უფრო რთული ბრძოლა იმისათვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, მერე კიდევ შემდეგ ეტაპზე და საბოლოო ჯამში, გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, „ხელისუფლება უკეთესად რომ მოქცეულიყო, ჩვენ დიდი ალბათობით, კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით, ხოლო უფრო უარესად რომ მოქცეულიყვნენ, უფრო უკან ვიქნებოდით“.
„ძირითადად რატომ იბრძვის რუსეთი? მას სურს, იმპერია აღადგინოს, მიწები დაიბრუნოს და ვერ ეგუება იმას, რომ თურმე ვიღაცა ხალხი არის, რომლებსაც ქართველები ჰქვიათ და უნდათ თავისუფლება. არ ცნობს საერთოდ უკრაინას“, – აღნიშნა ტუღუშმა.
მან გადაცემაში ასევე ოპოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობას ქმედუნარიანი პოლიტიკური ძალები სჭირდება.
„საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული ქმედუნარიანი პოლიტიკური ძალები სჭირდება. ძალები, რომელშიც დაინახავენ პერსპექტივას საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახების, საკუთარი სამშობლოსი, იმ ქვეყნის, სადაც ისინი ცხოვრობენ. როდესაც შენ გაქვს ასეთი დაბალი რეიტინგები, ნიშნავს, რომ საზოგადოება შენში ასეთ ძალას ვერ ხედავს, შენ ვერ აღგიქვამენ სერიოზულ მოთამაშედ… დემონიზაციის პროცესში ვართ. „შენ ხარ დემონი, მე ვარ ანგელოზი“ – ეს არის იდიოტური პოლიტიკა“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.