მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს – ნიდერლანდები პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე

მინისტრ კასპარ ველდკამპის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე „სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დევნა უდიდესი დარტყმაა ქვეყნის დემოკრატიისთვის“.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებს ის.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება 27 ივნისს დაგმეს ლიეტუვის, ლატვიისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
· ლიეტუვა: „პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; დამნაშავეები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“;
· ლატვია: „ეს ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსკენ სწრაფვაში“;
· დანია: „მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის არაერთი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას“.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დააპატიმრეს რვა პოლიტიკოსი – „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო.
მათ ან უკვე მიესაჯათ პატიმრობა, ან წინასწარ პატიმრობაში არიან და უახლოეს მომავალში ელიან განაჩენის გამოცხადებას.
· ნიკა მელია – მას დღეს, 27 ივნისს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
· გიორგი ვაშაძე – მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; იგი 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მიუსაჯეს რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – მიუსაჯეს შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ფორუმი