ბიზნესმენ გია პირადაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და ბუნდოვანი მომავლის გამო, ბიზნესში საქმის კეთების ხალისი მინავლებულია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ შექმნილ ვითარებაში არათუ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენებიც მოერიდებიან.
“ახლა არ მაქვს ურთიერთობა, რადგან ბევრგან შეწყვიტეს სიარული და დიდი ხანია, აქაც [შატო მერე] არ მინახავს არავინ, მაგრამ [ქართული ოცნების მთავრობაში რამდენიმე ადამიანს ვიცნობ… ერთი კითხვა მაწუხებს და ყოველთვის პირდაპირ ვსვამ – რას ერჩით ქვეყნის განვითარებას?! რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს, ყველაფრის დანგრევა და გაჩერება, როცა შეიძლებოდა, მეგობრების დახმარებით და მათთან დიალოგით ეკონომიკურ და პოლიტიკური განვითარების გზა გაგვეგრძელებინა?! მართალი გითხრა, ეს სიტუაცია არ მესმის“, – თქვა ბიზნესმენმა და იქვე დასძინა, რომ კერძო სექტორისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რა მიმართულება აქვს არჩეული ხელისუფლებას.
„რომელი პოლიტიკურ ფორმაციის მხარეს მივდივართ, ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! საით ვიხრებით, გასაგებია, მაგრამ დადასტურებულად იქით მივდივართ თუ არა, არ ვიცით.
დღეს, საქართველოში უცხოელი ინვესტორი კი არა ადგილობრივი ბიზნესმენიც ერიდება მასშტაბური და შედარებით რისკიანი ინვესტიციების განხორციელებას, რადგან არ იცის, ქვეყნის უახლოესი სამომავლო [მდგომარეობა]… ბიზნესის კეთებისთვის მნიშვნელოვანია განწყობა და საქმის კეთების ხალისი, რომელიც მინავლებულია..
ჩვენ, [ბიზნესმენების] ძველი გვარდია გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ და გვგონია, რომ მაინც გამოვა საქმე, მაგრამ ყველაფერს თავისი ვადა აქვს, რომელიც იწურება.
თუ საქმე ასე წავიდა – ბადრი ჯაფარიძე დაიჭირეს, მამუკა ხაზარაძე დაიჭირეს, მერე შეიძლება თემურ ჭყონიაც დაიჭირონ, მეც დამიჭირონ – ყველას ჯვარი გვწერია, მაგრამ დაჭერით და დასჯით საქმე არ კეთდება. საქმე კეთდება ერთმანეთის გვერდში დგომით; როდის იყო, ქვეყანა, სადაც ადამიანებს იჭერენ, ვითარდებოდა?! ვითარდება ის ქვეყანა, სადაც ადამიანებს აძლევენ მოქმედების თავისუფლებას, აზროვნების თავისუფლებას, სიყვარულის თავისუფლებას, ქვეყნის აღმშენებლობის თავისუფლებას და ა.შ. რაც მეტი რეგულაცია და უწესო წესები შემოდის, ეს არის დამღუპველი ბიზნესისთვის და მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
“ვინივერიას” და “შატო მერეს” დამფუძნებელმა “წერტილთან” ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის ცვლილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცალკეული ფიგურები ვერაფერს შეცვლიან, თუ მთელ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ერთიანი ხედვა, მათ შორის, ტურიზმში.
“სამწუხაროდ, ქვეყნის ტურიზმის განვითარების პოტენციალს მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაცია არ წყვეტს. ის სვამს მთავარ ამოცანებს და მის შესრულებაში მთელი სახელმწიფო მანქანა უნდა იყოს ჩართული, მაგრამ რაღაც დაშლილი მანქანის პოზიციაში ვართ – ერთი ბორბალი ერთ მხარეს ტრიალებს, მეორე – მეორე მხარეს[ სამწუხაროდ, საერთო მონდომებას და ძალისხმევას ვერ ვხედავ”, – ამბობს ბიზნესმენი.
გია პირადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თელავის საერთაშორისო აეროპორტი შიდა ფრენებისთვის მალე ამოქმედდება.
“7 წელიწადია ვითხოვთ თელავის აეროპორტის გახსნას შიდა ფრენებისთვის… კომედიაა უკვე. შეიძლება [მარიამ ქვრივიშვილს აქამდე არ ჰქონდა ბერკეტები და ვნახოთ, ახლა რა მოხდება. 7 წელიწადია ველოდებით, რომ თელავის აეროპორტში თვითმფრინავი დაჯდება და ტურიზმს წინსვლას შევატყობთ. დაველოდოთ. სულ ჯადოქარი რომ დაჯდეს ეკონომიკის მინისტრად, ზოგადად, ყველაფერი პოლიტიკურ გუნდზეა დამოკიდებული – მარტო ვერც მარიამი გადაწყვეტს რამეს, ვერც ლევანმა გადაწყვიტა…” – განაცხადა გია პირადაშვილმა.
